ახალი ამბები

ლათინური ამერიკის ქვეყნები კორონავირუსზე ვაქცინაციას იწყებენ

25 დეკემბერი, 2020 • 1316
ლათინური ამერიკის ქვეყნები კორონავირუსზე ვაქცინაციას იწყებენ

ლათინური ამერიკის ქვეყნებმა- მექსიკამ, ჩილემ და კოსტა-რიკამ – საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.

სამივე ქვეყანა გერმანულ-ამერიკული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას გამოიყენებს. მექსიკაში უკვე ჩაიტანეს პირველი 3 000 დოზა. მექსიკას 34 მილიონი ვაქცინის დოზა აქვს შეძენილი.

კიდევ ერთი ქვეყანა, არგენტინა ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს, თუმცა ის რუსულ Sputnik V-ს გამოიყენებს, რომლის 300 000 დოზა უკვე შეკვეთილია. არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირის დასაწყისში სასწრაფო წესით მიანიჭა ავტორიზაცია რუსულ ვაქცინას.

მექსიკაში 1.3 მილიონი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 121 000-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. ჩილეში 600 000-ზე მეტი შემთხვევაა და 16 300 გარდაცვლილი, კოსტა-რიკაში კი – 163 000-ზე მეტი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვლილი. რაც შეეხება არგენტინას, ქვეყანაში 1.6 მილიონი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 300-ზე მეტი ადამიანი.

როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,  საქართველო კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულამდე არ უნდა ელოდოს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის იქნება პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში შემოტანილ ვაქცინას გაიკეთებს, რათა მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ ვაქცინაციაში საშიში არაფერია.

ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად როდის და რომელი ქვეყნის ვაქცინას მიიღებს საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი