ახალი ამბები

მელაშვილის ადვოკატი საგარეოს ადანაშაულებს ინფორმაციის განზრახ დამალვაში

25 ნოემბერი, 2020 • 858
მელაშვილის ადვოკატი საგარეოს  ადანაშაულებს ინფორმაციის განზრახ დამალვაში

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ პასუხობს მის მიერ 6 ნოემბერს გაგზავნილ წერილს ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით:

“რამდენიმე დღეში ერთი თვე შესრულდება, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ივერი მელაშვილის საქმესთან დაკავშირებულ წერილზე პასუხს არ მწერს. უწყება, დიდი ალბათობით, მიზანმიმართულად მალავს მისი თანამშრომლის, ივერი მელაშვილის უდანაშაულობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ჩემს წერილზე პასუხიც ამიტომ იგვიანებს”, – ამბობს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შორის 2016 წლის მიმოწერაზე. მარიკაშვილის თქმით, 2016 წელს სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იკვლევდა დემარკაცია/დელიმიტაციის კომისიის საქმიანობის იმ ეპიზოდს, რომელზეც ახლა მელაშვილი და ილიჩოვა არიან ბრალდებულები:

“ვითხოვ 2016 წელს კონტრდაზვერვასთან მიმოწერას, რომელიც უკავშირდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიებას ან მოკვლევას ამავე საქმეზე. კონტრდაზვერვაში რომ ეს საქმე შეისწავლეს და ვერაფერი ვერ ნახეს, ფაქტია იმიტომ, რომ მას შემდეგ 5 წელია გასული. ეს ინფორმაცია გვაქვს და ამის გადამოწმებას ვცდილობთ და არ გვაძლევენ”, – ამბობს მარიკაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულ მიმოწერას საჯარო ინფორმაციის სახით არ ითხოვს და უწყებას მიმართა როგორც ადვოკატმა, შესაბამისად, კანონმდებლობა სამინიტროს ვადებს არ უსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ წერილი 6 ნოემბერს გაგზავნა, რის შემდეგაც უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა და იცის, რომ პასუხი სამინისტრომ მალევე მოამზადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუგზავნია.

მარიკაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა დაცვის მხარეს სასამართლოში წარსადგენად ნაკლები მტკიცებულება ჰქონდეს:

“ეს გამიზნულია იმიტომ, რომ ნაკლები ხელჩასაჭიდი გვქონდეს სასამართლოში სამტკიცებლად, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია, გვჭირდება უფრო მეტი, რომ სასამართლომ დაავალოს მათ ამ ინფორმაციის გაცემა. ამიტომ, ისინი გვაფერხებენ, რომ სასამართლოში შეგვექმნას პრობლემა, თუმცა სხვა გზებითაც ვცდილობთ გარკვეული ინფორმაციების მოძიებას, რაც ვფიქრობ, შეიძლება გახდეს საკმარისი, რომ სასამართლომ დაავალდებულოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციის გაცემა” ,- ამბობს მარიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, მოკვლევა, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას ითხოვს, უშედეგოდ დასრულდა და მათ ვერაფერი იპოვეს მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ, რადგანაც, მისი თქმით, ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და საწინააღმდეგო შემთხვევაში, სუსი 5 წელიწადი არ დაიცდიდა ადამიანების პასუხისგებაში მისაცემად.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე საარქივო მასალებს ეხება, შესაბამისად, მოცემულ მოთხოვნაზე მიმდინარეობდა ხანგრძლივი მუშაობა. უწყებაში ამბობენ, რომ მარიკაშვილს კანონით დადგენილ დროში გაეცემა წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხი.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი