ახალი ამბები

თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ — ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 • 1445
თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მინისტრი დღეს, 24 ნოემბერს, გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის გუშინდელ განცხადებას  და თქვა, რომ  “თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ სჩვევია”, შესაბამისად, გამორიცხავს, რომ რატიანი სწორედ მას გულისხმობდა საკუთარ განცხადებაში.

კერძოდ, ლევან რატიანმა 23 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მოუწოდა “ყველას”, დაევიწყებინათ პირადი ამბიციები და ვინც ამას ვერ შეძლებდა, “სახლში წასულიყო” და მოსილიყო ის, ვინც პროცესების მართვას შეძლებდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რატიანი ჯანდაცვის მინისტრს, მან უპასუხა, რომ “არავის ადვოკატი და დამცველი” არ არის და “ყველას” მოუწოდა ხალხის გადასარჩენად “რამის მოფიქრებისკენ”.

“შეიძლება საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყო, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ტიკარაძე უნდა ჩაენაცვლებინა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსს, ამირან გოგიტიძეს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ტიკარაძემ “მთავარ არხთან” სატელეფონო კომენტარისას უარყო, ასევე “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი