ახალი ამბები

ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც პროცესის მართვა შეუძლია – რატიანი

24 ნოემბერი, 2020 • 1566
ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც პროცესის მართვა შეუძლია – რატიანი

“ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს იქ, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია”, – ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა 23 ნოემბერს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.

რატიანს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა, მათ შორის, ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია. თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ვერ ეხმარებიან ექიმები. ამიტომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს იქ, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. მეორე მომენტია, რომ ინფექცია ისე გავრცელდა ქვეყანაში, რომ აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ ინფექციის გავრცელებით და სულ ამას ვიძახდი, რომ თუ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობაც და ვერ მიხედავს [ჯანდაცვის სექტორი], თუ რაღაც კომპლექსური მიდგომა არ მოხდა. ეს უნდა მოხდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველამ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და რაც შეიძლება მეტი ხალხი გადავარჩინოთ, ამოსავალი წერტილი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის დღეს”, – განაცხადა რატიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ჯანდაცვის მინისტრს, რატიანმა უპასუხა, რომ “არავის ადვოკატი და დამცველი” არ არის და “ყველას” მოუწოდა, “მოიფიქრონ რამე, ეს ხალხი რომ გადარჩეს”.

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავს მძიმე პაციენტები, ეს შეიძლება იყოს კოვიდინფიცირებული და მის გარეშე, და ამ ადამიანებს, ყველას სჭირდება მოვლა. რატომღაც ხშირად გამოდიან ზოგიერთები, აქვთ რაღაც ამბიცია და ამ ამბიციას გადააყოლებენ ხოლმე ბევრ რაღაცას. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ყველა. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და შველა ერთია, რომ მოვლა და მზრუნველობა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ ხვალიდან, არ ვიცი, მთავრობა იქნება, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება, უნდა დასხდნენ ერთად და გადაწყვიტონ, რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი გვქონდეს ამ ვირუსთან დაკავშირებით, და დამერწმუნეთ, რომ თუ ეს ასე მოხდება, გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. ერთმანეთის ქიშპში რასაც ვუყურებ, ქვეყანა უფსკრულისკენ წავა და თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება”, – განაცხადა რატიანმა.

23 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 36 პაციენტი.

26 თებერვლიდან დღემდე კი საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 1 012 ადამიანი.

ამასთან, New York Times-ის ინფორმაციით, 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მასალების გადაბეჭდვის წესი