ახალი ამბები

როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი?

24 ნოემბერი, 2020 • 1836
როგორი იქნება ერთპარტიული პარლამენტი?

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი, დღევანდელი მოცემულობით ერთპარტიული შემადგენლობით, დეკემბერში შეიკრიბება. როგორ იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო, თუ ოპოზიცია მართლაც უარს იტყვის მანდატებზე? რა გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს “ქართული ოცნება” 90 დეპუტატით და აქვს თუ არა უმრავლეობას ბერკეტი, დეპუტატები ოპოზიციიდან, მათი სურვილისდა მიუხედავად, დაამაგროს პარლამენტში?

პირველი სხდომა

19 დეკემბერი არის ბოლო ვადა, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადოს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმათა 48,22% მოიპოვა, ბლოკმა “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” — 27,18%. მათ გარდა, 1%-იანი ბარიერი 7-მა პარტიამ გადალახა. მაჟორიტარულ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 17 ოლქში, თუმცა ოპოზიციამ მონაწილეობაზე უარის თქვა. 30-ივე მაჟორიტარული მანდატი, ასევე, “ქართულ “ოცნებას” ერგო.

ახალი პარლამენტი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში შეიკრიბება. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარეც. ის პარლამენტის წევრის ფიცის ტექსტს წაიკითხავს. დიდი ალბათობით, სხდომას არ დაესწრება ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს სრული შემადგენლობის ორი მესამედის, ე.ი. 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამასთან, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. მაშასადამე, “ქართული ოცნების” დეპუტატები პირველ სხდომაზე ცნობენ ოპოზიციონერი კოლეგების უფლებამოსილებასაც, ამ უკანასკნელთ კი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ მანდატებს მიიღებენ.

როგორ არ შევა ოპოზიცია პარლამენტში?

“ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში”, – ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ შეთანხმებაში.

ოპოზიციური პარტიებიდან 36 მანდატს “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს, 5-ს — “ევროპული საქართველო”, 4-4 მანდატს მიიღებენ “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი”. 2 დეპუტატი ეყოლება “მოქალაქეებს” და 1 — “ლეიბორისტულ პარტიას”.

მათთვის უფლებამოსილების როგორც ცნობის, ისე ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • გარდაიცვალა;
  • დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტს აცხადებს. მაშასადამე, თუ მანდატებზე საბოლოოდ უარის თქმას გადაწყვეტს, ოპოზიციის თითოეულმა წარმომადგენელმა, რომელიც დეპუტატი გახდება, პირადი განცხადებით უნდა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ, მიმართონ ცესკოსაც და გააუქმონ თავიანთი საარჩევნო სიები, რათა დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.

“რეპუბლიკური პარტიის” წევრი ბლოკიდან ენმ/ძალა ერთობაშია თამარ კორძაია ამბობს, რომ ოპოზიცია აპირებს მანდატებზე უარის თქმას და ამის შემაფერხებელი მექანიზმი არ არსებობს. მისი თქმით, ოპოზიციას არ უმსჯელია შესაძლებლობაზე, მანდატები შეინარჩუნოს, თუმცა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს და ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს.

“არ არის მარტივი პროცესი. ბევრი კომპონენტია ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, რომ ხელისუფლება მოვა გონს და გააცნობიერებს, რომ უმრავლესობის ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი კომპრომისისკენ და მოუსმინოს პოლიტიკრ უმცირესობებს. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ვიფიქრებთ სხვა გზებზე, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ჯერ ვართ პოლიტიკურ პროცესში. შეთანხმებული ვართ, რომ თუ ხელახალ არჩვენებზე დიალოგი დაიწყება, შევდივართ დიალოგში და თუ არ დაიწყება, ვიქნებით ისეთი რადიკალური, როგორც ვიყავით”, – აცხადებს თამარ კორძაია.

კობახიძის “თეორიული მუქარა”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. კობახიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა.

მისი თქმით, ოპოზიცია, მართალია, მმართველ გუნდს ამით აშანტაჟებს, თუმცა „ამ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი კონსტიტუციაშია გაწერილი“.

“თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ივე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ ეს „თეორიული მსჯელობაა“, რადგან აქვთ გათვლა, რომ პოლიტიკური პარტიები მაინც შევლენ პარლამენტში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არ შევიდნენ პარტიები პარლამენტში და უმრავლესობამაც არ დაუკმაყოფილა დეპუტატობის მანდატზე უარის თქმის განცხადება, შედეგი იგივე იქნება თუ არა, კობახიძემ თქვა:

„შედეგად მივიღებთ ბოიკოტს და, ბუნებრივია, 4 წელი ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ ვერ გაძლებს“.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე კონსტიტუციას უპრეცედენტოდ განმარტავს და აბსურდია, ვინმეს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დეპუტატობა აიძულო.

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

 

“კობახიძე რასაც ლაპარაკობს, სამართლებრივი აბსურდია. წარმოგიდგენიათ, რა ტოტალიტარულ დასკვნებს აკეთებს?! გვეუბნება, ჩემს ხელში ხართ და იმის უფლებასაც არ გაძლევთ, საკუთარ მანდატზე უარი თქვათო. ასეთი განმარტება სადმე თუ ვინმეს წარმოუდგენია და ნორმალურად თვლის, არ ვიცი”, – ამბობს თამარ კორძაია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაიაც მიიჩნევს, რომ კობახიძის აღწერილ სცენარს არაფერი აქვს საერთო პარლამენტარიზმთან.

“ძალადობრივად რომ ვაიძულოთ ადამიანი, იყოს პარლამენტის წევრი და შეასრულოს თავისი უფლებამოსილება, ამის მექანიზმი პარლამენტში არ არსებობს”, – ამბობს საჯაია.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული, ამბობს, რომ უმრავლესობას არ აქვს უფლება, კენჭი არ უყაროს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ასეთი მიმართვის არსებობის შემთხვევაში, თუმცა არაფერი შეუშლის ხელს, კენჭისყრაზე საკითხი ჩააგდოს ან საერთოდ შეცვალოს რეგლამენტი.

“ასე რომ კითხვა, აქვს თუ არა უმრავლესობას უფლება, არ უყაროს კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტას, მაინცდამაინც რეალობის ძიებისკენ მიმართული არ არის, იმიტომ რომ 76+ დეპუტატი ჰყავთ და რაც არ უნდა ეწეროს რეგლამენტში, შეუძლიათ შეცვალონ. რეგლამენტის შეცვლის გარეშე, დღეს მოქმედი რედაქციით კი, პარლამენტი ვალდებულია კენჭი უყაროს, მაგრამ შეუძლიათ კენჭისყრაზე ჩააგდონ საკითხი და არ მისცენ ხმა. ასე რომ, ფორმალისტურ მსჯელობაში შესვლის აზრს ვერ ვხედავ”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, ამავდროულად ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერის ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა. მაშინ უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო.

პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავს; 2019 წლის 26 ივნისი. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი საბოლოოდ ირაკლი კობახიძის თეორიულ დაშვებას გაჰყვება, ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ ოპოზიციას შეუძლია, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

რა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს ახალი პარლამენტი?

“ქართულ ოცნებას” მეათე მოწვევის პარლამენტში 90 დეპუტატი ეყოლება — 60 პროპორციული წესით არჩეული და 30 მაჟორიტარი. ეს ნიშნავს რომ “ოცნება” ერთპიროვნულად ვერ შეძლებს:

  • კონსტიტუციის შეცვლას;
  • პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას;
  • კონსტიტუციური კანონის მიღებას, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანული კანონის მიღებას;
  • იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას.

ნორმატიული აქტების დიდი ნაწილის მისაღებად სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (არანაკლებ 50 დეპუტატისა) ან პარლამენტის სრული შემადგენობის უმრავლესობა (76 დეპუტატი) საკმარისია (ორგანული კანონების შემთხვევაში).

კანონშემოქმედებითი საქმიანობის გარდა, პარლამენტი ირჩევს რიგ თანამდებობის პირებს. მათ შორის, სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ე.ი. 90 დეპუტატით ირჩევს სახალხო დამცველს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს. ასევე, 90 წევრის მხარდაჭერა სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას და კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცებას.

ლიკა საჯაიას აზრით, ასეთ შემთხვევებში მეათე მოწვევის პარლამენტს შესაძლოა, კვორუმის პრობლემა შეექმნას.

“არის საკითხები, რომელსაც ზუსტად 90 ხმა სჭირდება. ყველა დეპუტატი ყოველთვის არ/ვერ დაესწრება სხდომებს. საქართველოს პარლამენტში ტრადიციულად არის კვორუმის პრობლემა. შეუძლებელი იქნება, პარლამენტმა ნორმალურად იფუნქციონიროს, არა მარტო იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელსაც 90 ხმა სჭირდება, არამედ თუნდაც ორგანული კანონებს მიღების შემთხვევაშიც, როცა უბრალო უმრავლესობაა საჭირო”, – ამბობს ლიკა საჯაია.

ახალი მოწვევის პარლამენტში, ალბათ, უფრო ხშირად გავიგებთ სპიკერის გამაფრთხილებელ ფრაზას: “ყურადღებით, კოლეგებო, მაღალი კვორუმია საჭირო”. თუმცა არჩილ თალაკვაძე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.

“პირველად, უახლეს ისტორიაში, აღარავის აქვს ჭარბი უმრავლესობა, ოპოზიციას კი რეგლამენტით ქმედითი საპარლამენტო ბერკეტები გააჩნია. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ახალი პარლამენტი უფრო შედეგზე ორიენტირებული, ჯანსაღ პოლიტიკურ დისკუსიაზე დაფუძნებული და მონაწილეობითი იყოს. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა, აქვს რესურსი და შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. პოლიტიკური დიალოგი და დისკუსია კი პარლამენტში უნდა განვაგრძოთ”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე, რომელსაც “ქართული ოცნება” სპიკერად განიხილავს მე-10 მოწვევის პარლამენტშიც.

ოპოზიციისთვის პარლამენტში განკუთვნილია ორი ვიცე-სპიკერის პოსტი, ასევე, კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტები ცარიელი დარჩება.

“თვითონ თუ არ წარადგენენ კანდიდატურებს, ბუნებრივია, ვერ დაინიშნებიან. ამ ეტაპზე ცარიელი დარჩება ეს თანამდებობები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვაკანტური დარჩება ოპოზიციის კვოტა ნდობის ჯგუფში და საპროკურორო საბჭოშიც.

ამ მოცემულობით, ახალ პარლამენტში ვერ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის ნახევარს რეგლამენტის თანახმად, ოპოზიცია უნდა შეადგენდეს.

 

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ “ქართულ ოცნებას” 91 მანდატი აქვს, მონაცემები შეიცვალა ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ. ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, “ქართულ ოცნებას” პროპორციული წესით მიღებული 61 მანდატიდან 1 აკლდება და სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს, ე.ი. ენმ-ს ემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი