ახალი ამბები

უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

20 ნოემბერი, 2020 •
უმრავლესობას შეუძლია, კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან – კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.

კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა.

ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს „რუსთავი 2-ზე“, „ღამის კურიერში“ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ შემთხვევაში არ იქნება პარლამენტში მარტო.

მან თქვა, რომ ოპოზიცია, მართალია, მმართელ გუნდს ამით აშანტაჟებს, თუმცა „ამ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი კონსტიტუციაშია გაწერილი“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა, განმარტა: „ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ოპოზიციამ წააგოს არჩევნები, თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ“…

„ამ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს… ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს“.

კობახიძის თანახმად, კონსტიტუციაში პროცედურები შემდეგნაირადაა გაწერილი: თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა:

„ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, — ანუ უმრავლესობა, — დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას“.

ამის შემდეგ, კობახიძის თქმით, თითოეულ მათგანს შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, თუმცა:

„პარლამენტის [უმრავლესობის] გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. პარლამენტს, ისევ 76 დეპუტატს, შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ამის შემდეგ განაცხადა, რომ ეს „თეორიული მსჯელობაა“, რადგან აქვთ გათვლა, რომ პოლიტიკური პარტიები მაინც შევლენ პარლამენტში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არ შევიდნენ პარტიები პარლამენტში და უმრავლესობამაც არ დაუკმაყოფილა დეპუტატობის მანდატზე უარის თქმის განცხადება, შედეგი იგივე იქნება თუ არა, კობახიძემ თქვა:

„შედეგად მივიღებთ ბოიკოტს და, ბუნებრივია, 4 წელი ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ ვერ გაძლებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი