ახალი ამბები

ოქსფორდის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – წინასწარი მონაცემები

23 ნოემბერი, 2020 • 1205
ოქსფორდის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – წინასწარი მონაცემები

დიდ ბრიტანეთში შექმნილმა კორონავირუსის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტმა და კომპანია “AstraZeneca-მ” შექმნეს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ვაქცინის შემქმნელების ცნობით, ვაქცინა ეფექტიანია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, მოხუცებშიც.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ “ეს [ვაქცინის შექმნა] გვაახლოებს იმ დროსთან, როდესაც შესაძელებელი გახდება, ვაქცინების გამოყენებით დასრულდეს კორონავირუსის პანდემია”.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამის უწყებებს. დიდი პატივია, ვიყოთ მრავალეროვნული ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მოუტანს სარგებელს მთელ მსოფლიოს”, – განაცხადა გილბერტმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ცნობით, ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზამ აჩვენა, რომ მიღებული პროდუქტის ეფექტინობა არის 70%, თუმცა ეს რიცხვი აერთიანებს ორი სხვადასხვა დოზირების რეჟიმის მონაცემებს. დოზირების პირველ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა გახლდათ 90%, ხოლო მეორე შემთხვევაში – 62%. პირველი მეთოდის დროს გამოიყენეს ვაქცინის ნახევარი, ხოლო შემდეგ- სრული დოზა, რაც დოზირების სწორ რეჟიმად იქნა მიჩნეული.

პროფესორ ანდრეი პოლარდის თქმით, “ეს მიგნებები აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. სასიხარულოა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი ჩვენი დოზირების რეჟიმი იძლევა 90%-იან ეფექტიანობას და თუ ეს მეთოდი იქნება გამოყენებული, უფრო მეტი ადამიანი აიცრება ვაქცინის აქამდე დაგეგმილი მარაგით”.

AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოს განცხადებით, დღევანდელი შედეგები გახლავთ მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ადასტურებს იმას, რომ ის იქნება ეფექტური ვირუსის წინააღმდეგ და მოიტანს დაუყოვნებლივ შედეგს.

“უფრო მეტიც, ვაქცინის მარტივი მიწოდების ქსელი და ჩვენი კომპანიის არაკომერციული ხედვა, ასევე დროული მიწოდება, ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა იქნება გლობალურად ხელმისაწვდომი”, – განაცხადა პასკალ სორიომ.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც საკმარისია მოსახლეობის უმრავლესობის ასაცრელად იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ცდები წარმატებით დასრულდება. ასევე, ავსტრალიამაც შეუკვეთა ვაქცინის 33.8 მილიონი დოზა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მათ ჰანქოკმა განაცხადა, რომ მონაცემები ნამდვილად დამაიმედებელი სიახლე გახლდათ, თუმცა აღნიშნა, რომ ვაქცინას კვლავაც სჭირდება საბოლოო აღიარება ბრიტანული მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულირების სააგენტოს მიერ.

“ეს არის ნამდვილად დამაიმედებელი სიახლე. ცალსახაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ პროგრამას მისი დაწყების დღიდან. მე ძალიან მსიამოვნებს, რომ მონაცემების მიხედვით, ვაქცინის სწორ დოზირებას შეუძლია იყოს 90%-ის შემთხვევაში ეფექტური”, – განაცხადა მათ ჰანქოკმა.


რამდენიმე დღის წინ კიდევ სხვა ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ შორის, კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობდა. ასევე, კომპანიების, Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინა. ორივე  95%-ის შემთხვევაში აღმოჩნდა ეფექტიანი.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო, თუმცა მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც ამ დროისთვის უკვე იმსხვერპლა 1 350 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი