ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები უბანზე – რას ამბობენ ცესკოში

22 ნოემბერი, 2020 • 950
საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები უბანზე – რას ამბობენ ცესკოში

“ცესკო” ეხმაურება სოფელ ავლევის საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც ხმების დათვლისას კომისიის წევრებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები იპოვეს.

უწყების თქმით, “თუ ეს ფაქტი დადასტურდა, კანონის თვალსაზრისით ეს არის დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი და ის დათვლაში არ ჩაითვლებოდა არც ერთ შემთხვევაში”.

“დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი ვინ შეიტანა და რა მიზნით, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ რომ ემსახურებოდა საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას”, – აცხადებს უწყება.

ცესკოში ამბობენ, რომ მათ ეს ბიულეტენები არ მიუწოდებიათ და არ ფლობენ ინფორმაციას, “რამდენად დადგენილი ნიმუშის ბიულეტენებზეა საუბარი და წარმოადგენს თუ არა ისინი რეალურად დაბეჭდილ ბიულეტენებს”.

“თუ ასეა, სავარაუდოდ კონკრეტული პირის მიერ იქნა შენახული და გაურკვეველი, სავარაუდოდ, დამაზიანებელი მიზნით, რაც ცხადია, არჩევნებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს”, – აღნიშავენ ცესკო-ში.

რა მოხდა?

ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს.

შესაბამისი ფოტომასალა “ნეტგაზეთს” “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა მიაწოდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგილზე ჟურნალისტად საქმიანობდა.

როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელმა, ალექსი მერებაშვილმა, “ნეტგაზეთს” განუცხადა, სულ 6 ასეთ ბიულეტენზეა საუბარი. ნაწილში გრიგოლ ვაშაძეა შემოხაზული, ნაწილში – სალომე ზურაბიშვილი.

მერებაშვილის ცნობით, რომელიც დამკვირვებელი იყო ხაშურისა და ქარელის ოლქებში, ექვსივე ბიულეტენი ყუთიდან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენებთან ერთად ამოვიდა.

ერთ-ერთი უბნის ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოჩნდა: HRC

მასალების გადაბეჭდვის წესი