ნეტგაზეთი | ერთ-ერთი უბნის ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოჩნდა: HRC ერთ-ერთი უბნის ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოჩნდა: HRC – Netgazeti
RU | GE  

ერთ-ერთი უბნის ყუთში საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოჩნდა: HRC

ქარელის რაიონის სოფელ ავლევის უბანზე ხმების დათვლისას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენები აღმოაჩინეს.

შესაბამისი ფოტომასალა “ნეტგაზეთს” “ადამიანის უფლებათა ცენტრის”(HRC) ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა მიაწოდა. ფაქტი, თავდაპირველად, ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნათია ფარეხელაშვილმა დააფიქსირა, რომელიც ადგილზე ჟურნალისტად საქმიანობდა.

მოგვიანებით, უბანზე მივიდა HRC-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსი მერებაშვილი. ის ხაშურისა და ქარელის ოლქებში დამკვირვებლად იყო მივლენილი. როგორც “ნეტგაზეთს” უყვება, სულ 6 ასეთ ბიულეტენზეა საუბარი. ნაწილში გრიგოლ ვაშაძეა შემოხაზული, ნაწილში – სალომე ზურაბიშვილი.

მერებაშვილის ცნობით, ექვსივე ბიულეტენი ყუთიდან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენებთან ერთად ამოვიდა.


მისივე სიტყვებით, თავდაპირველად გაიჟღერა იდეამ, რომ ბიულეტენები “მოეშორებინათ”, თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნულს შეეწინააღმდეგა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს ბიულეტენები, სხვებთან ერთად, ოლქში გაიგზავნება.

“ვერც თავად კომისიის წევრები და ვერც ჩვენ ვხსნით, [რა მოხდა]”, – ამბობს ის.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, მათი კანდიდატები ყველა ოლქში იმარჯვებენ.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ის მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს ოფიციალური მონაცემი არ ასახავს რეალობას.

ამავე თემაზე გირჩევთ:

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები უბანზე – რას ამბობენ ცესკოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან