ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი განესაზღვრათ

20 ნოემბერი, 2020 • 978
შაქარაშვილის საქმეზე ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი განესაზღვრათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებულებს სასამართლომ სასჯელის ზომა განუსაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლ.შ-ს, გ.მ-ს და ნ.ც-ს  5 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს კი სასჯელის ზომად 6 წელი და 9 თვე განესაზღვრათ. რაც შეეხება ნ. ქ-ს,  მოსამართლის გადაწყვეტილებით, 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის 6 ფიგურანტს 13 ნოემბერს გამოუტანა. მათ ნაწილს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს კი ჯგუფურ ძალადობასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებოდათ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, რომლის ფრგლებშიც ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.

შაქარაშვილის ოჯახი თავდაპირველად “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი