ახალი ამბები

ოპოზიცია 21 ნოემბერს აქციის გამართვაზე უარს ამბობს

20 ნოემბერი, 2020 •
ოპოზიცია 21 ნოემბერს აქციის გამართვაზე უარს ამბობს

ოპოზიცია აღარ აპირებს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ერთობლივი აქციები გამართოს. პარტიების ლიდერები აღნიშნავენ, რომ არ სურთ, პროცესს რაიმე დამატებითი მნიშვნელობა შესძინონ, რის გამოც მის იგნორირებას არჩევენ.

“ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა, გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს.

ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ეს არის სრული ფარსი, რაც ხვალ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურზე და, შესაბამისად, გავაუქმეთ ყველა ის აქცია, რომლებზეც ადრე ვმსჯელობდით”, – განაცხადა ენმ-ის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა,”ლელოს” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს, რომ 21 ნოემბერს რომელიმე პარტიამ საკუთარი ინიციატივით რაიმე სახის აქცია გამართოს, თუმცა “საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია”.

აღნიშნულს ადასტურებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი ლევან თარხნიშვილიც, სოცქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. თუმცა, უდუმაშვილის მსგავსად, ამატებს, რომ პარტიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ სტრატეგიას როგორც აქციების, ისე მეორე ტურის იგნორირების საკითხთან დაკავშირებით.

“ლელოს” წარმომადგენელი საბა ბუაძე აქციების გაუქმებას ახასიათებს, როგორც “საუკეთესო გზას ტყუილისგან დისტანცირებისთვის”.

რა ხდება?

არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მთავარი მოთხოვნებად ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილებას ასახელებენ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ 19 ნოემბერს ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებამდე, ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. ოპოზიციის თქმით, ფილიპ რიკერს გააცნეს გარემოებები, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი