“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ბურჯანაძემ განაცხადა, ევროკავშირის ელჩმა უთხრა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად გადაწყვეტილებას ფასილიტატორები ვერ მიიღებენ.
მისივე თქმით, ხელისუფლებასთნ ოპოზიციის კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე აქციების შეწყვეტა. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების გარანტორები ფასილიტატორი ელჩები იქნებიან.
“ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა ამ შეხვედრაზე ბატონი კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისის გადაწყვეტაში და ჩვენ არ ვართ აქ, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ და ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს ნაცვლად.
ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ცესკოს გადაწყვეტილებით, გუშინწინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამან, რა თქმა უნდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ჩვენი მეგობრები. ისინი გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი არის ის, რომ მიღებული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები. მაგრამ მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური და გაყალბებით არჩეული”, — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღეს ევროკავშირის ელჩს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილიც შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მეათე მოწვევის პარლამენში მათი “ფეხი არ იქნება”.
” ელჩებს ჩვენ ვხდვებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი. ჩვენც ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ჩვენი ხალხის დავალებებიდან”, — განაცხადა ნათელაშილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეკომენდაცია იყო ელჩის მხრიდან, ნათელაშილი პასუხობს, რომ დიპლომატებს “რეკომენდაციების გადმოშლა” არ ახასიათებთ.
“ელჩები ძალიან დელიკატურად მოქმედებენ, რეკომენდაციები, დავალებები და საკუთარი დავალებების გადმოშლა არ ახასიათებთ. ისინი გისმენენ და ცდილობენ მაქსიმალური კომპრომისი მონახონ, რათა შედეგი დადგეს. შედეგად მათ უნდათ დემოკრატიული საქართველო, სადაც ხელისუფლება იქნება არჩეული არა ასეთი გაწევა-გამოწევის ფონზე, არამედ ურთიერთშეთანხმებით და მაქსიმალური სამართლიანობით”, — განაცხადა ნათელაშვილმა.
გუშინ, 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:
„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.
18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:
„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.