ახალი ამბები

მთავრობა ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვებს განიხილავს – იმუნოლოგი კულუმბეგოვი

20 ნოემბერი, 2020 • 1274
მთავრობა ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვებს განიხილავს – იმუნოლოგი კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელიც მთავრობაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ესწრებოდა, დაადასტურა, რომ მომდევნო კვირიდან განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესება.

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესება განიხილება, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ შესაძლოა, იქით კვირაში კიდევ დაგვიძახონ. ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დავალებაც კი მიიღო. თუ როგორი პაკეტი იქნება, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება“.

კულუმბეგოვის თქმით, სპეციალისტების რეკომენდაცია იყო, რომ „ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმითვე, თავადაც მომხრეა შეიზღუდოს არაესენციალური, ანუ არაუცილებელი ობიექტები, რომლებიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული.

„ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ. ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და შეიძლება, საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ, იმიტომ, რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – თქვა კულუმბეგოვმა.

19 ნოემბერის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა და შემთხვევების საერთო რაოდენობამ 93 092-ს მიაღწია.

“სახელმწიფოს გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები არასაკმარისია” – ექსპერტების მიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი