ახალი ამბებისაზოგადოება

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

13 ივლისი, 2020 • 2696
ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 11 ივლისს, შუადღისას დაჭრეს და დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა. ვითარებას ართულებს ფაქტი, რომ გახელაძეს ცხინვალი ედავება სამხედროებისათვის ცეცხლის გახსნას, რის გამოც არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

რა მოხდა

სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე, მისი მეუღლის თანახმად, სახლიდან 11 ივლისის დილით სოკოს საკრეფად გავიდა. როგორც ირმა ბუთხუზმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მას თან ახლდა მეგობარი, თუმცა დაკავების მომენტში გახელაძისგან მოშორებით იმყოფებოდა და არ დაუნახავს, როგორ წაიყვანეს საოკუპაციო ძალებმა მოქალაქე.

როგორც ირმა ბუთხუზი ყვება, ინციდენტი 12:00 საათის შემდეგ მოხდა. ქმარმა მას მობილურ ტელეფონზე მესიჯი მისწერა და დაკავების ამბავი აუწყა. ცოტა ხანში კი დაურეკა და უთხრა, რომ კარგად იყო:

“თავისი ტელეფონით მომწერა მესიჯი, ბავშვს ვფიცავარ, რუსებმა დამაკავეს, არ გეხუმრებითო. 10-15 წუთის მერე, სადღაც 12:30-სკენ, დამირეკა თვითონ, დაარეკინეს: კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო. ბავშვები მოიკითხა. მამამისი შაქრიანია, გულით ავადმყოფია და მამა მოიკითხა. არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო. აქეთ გაგვამხნევა, ცუდი რომ არაფერი გვეფიქრა”.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ სამხედროებმა დაჭრეს. ოჯახმა ეს ფაქტი მოგვიანებით მედიისგან შეიტყო.

ზაზა გახელაძე მონადირეა და სანადირო იარაღს ფლობს. ირმა ბუთხუზის თქმით, იარაღის ყველა დოკუმენტი წესრიგშია, თუმცა ვერ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა ზაზა გახელაძეს წაღებული იარაღი დაკავების დღეს, როდესაც სამხედროებმა ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.

დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნის გამო გახელაძე იარაღს ყოველთვის სეიფში ინახავდა, გასაღები კი თან დაჰქონდა. სეიფი ახლაც ჩაკეტილია და ოჯახმა იარაღის შესახებ არაფერი იცის.

არ აქვთ ინფორმაცია ზუსტ ადგილზეც, საიდანაც გახელაძე წაიყვანეს. მეუღლის თქმით, მეგობარი, რომელიც დაკავებულს ახლდა თან, თავს ცუდად გრძნობს და სრულყოფილად კონტაქტზეც არ გასულა მათ საერთო მეგობართან, რომელიც ინციდენტის შემდეგ მის მოსანახულებლად მივიდა.

სუს-ის თანახმად, გახელაძე ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა კი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ზოლიდან 500 მეტრში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ასე წაიყვანეს მოქალაქე.

ავტორი: დავით ქაცარავა

ავტორი: დავით ქაცარავა

“შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, მეგობრებს, რომელთაც დაზუსტებით იცოდნენ ის ადგილი, საიდანაც მოხდა გატაცება და ადგილობრივმა მოსახლეობამ გვაჩვენა ეს ადგილი. შემდგომ, როცა უკვე ვიცოდით, სად იყო ეს ადგილი, ავიღეთ კოორდინატი კონკრეტული ადგილისა, რომელიც შეიძლება, 50 მეტრი იყოს რადიუსში იმიტომ, რომ ხომ ხვდებით, ზაზა გახელაძის აქტიური დევნა მიმდინარეობდა. საჰაერო მანძილი საოკუპაციო ხაზსა და ამ ადგილს შორის გახლავთ მინიმუმ 510 მეტრი”, – განუცხადა ქაცარავამ “ნეტგაზეთს”.

აღნიშნულ მონაცემებზე სუს-ში კომენტარს არ აკეთებენ. უწყების ცნობით, გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოხმაურებები თბილისიდან, ცხინვალიდან და საერთაშორისო საზოგადოებიდან

მომხდარიდან რამდენიმე საათში განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავება სახიფათო პრეცედენტია. უწყების თანახმად, მალევე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც.

უკვე დღეს, 13 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, მთავრობის წარმომადგენლები და გუბერნატორი დაკავებულის ოჯახში მივიდნენ. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ ქართული მხარე მომხდართან დაკავშირებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით 11 ივლისსვე გახდა ცნობილი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პოზიცია, რომელმაც გახელაძე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და მესაზღვრეებისათვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. კომიტეტის განცხადებით, ცხინვალი მომხდარს იძიებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამავე დღეს აცხადებდა, რომ “ყურადღებით გაეცნობა სავარაუდო სროლისა და შემდგომ დაკავების ინციდენტს”.

12 ივლისს ინციდენტს აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო გასროლისა და დაკავების ფაქტი და “სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართულ პროვოკაციულ ქმედებად” შეაფასა, რასაც “რუსეთის მიერ მართული ძალები ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ.

“ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქმის სირთულე და სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა

აღნიშნული შემთხვევა სხვა მსგავსი ინციდენტებისაგან განსხვავდება, ვინაიდან გახელაძეს ედავებიან არა მხოლოდ დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას, არამედ ცეცხლის გახსნას რუსი სამხედროების მისამართით. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყება.

“აშკარად მოხდა რაღაც განსხვავებული, ვიდრე სხვა შემთხვევებში ხდება და თუ ამ ვერსიას განავითარებს ოსური მხარე და ეს იქნება წამყვანი, მაშინ, ბუნებრივია, მას ტიპურ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევად არ განიხილავენ და უფრო დაუმძიმებენ საქმეს, ალბათ, და იქნება იგივე სისხლის სამართლის [დევნა] უფრო მძიმე ფორმებით, რაც სასამართლომდე მივა აუცილებლად. როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში იყო, რომ გვქონდა იმედი, რომ გამოუშვებდნენ სასამართლომდე, აქ არ მოხდება მსგავსი რამ, როგორც ჩანს”, – აღნიშნავს შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პროფესორი პაატა ზაქარეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა, რომელიც მიადევნებს თვალს საქმის განვითარებას, ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულობა განსხვავებული და მძიმეა.

“მოცემულობა მძიმეა და ძალიან აქტიური ჩართულობაა საჭირო როგორც ხელისუფლებისა, ისე საზოგადოებისა. თუ ეს საკითხი ისე გადაგორდა, როგორც [წარსულში დაკავებული გენადი] ბესტაევის საკითხი გადაგორდა და ყურადღება არ მიექცა არც ხელისუფლების და არც საზოგადოების მიმართ, ზაზა გახელაძეს კარგა ხნით დატოვებენ ცხინვალის ციხეში, სადაც მას სანატორიუმი ნამდვილად არ ელოდება”, – აღნიშნავს ის.

ქართული მხარისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის საჭიროებას პაატა ზაქარეიშვილიც ხედავს. თუმცა, მისი თქმით, ეს თბილისიდან უნდა გაკეთდეს ისე, რომ ვითარება არ გაუარესდეს. ზაქარეიშვილის აზრით, გახელაძის სასამართლო პროცესის გარეშე გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა:

“…სასამართლოს შემდეგ შეიძლება მოხდეს შეწყალების რაღაც ფორმით მოქმედება. ან იგივე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, იგივე რუსეთზე დიპლომატიური გასვლებით ჩვენი მეგობრების მიერ, რათა სასამართლოს შემდეგ გამოშვებულ იქნას. მე ძალიან გამიხარდება, რომ სასამართლომდე გამოუშვან, მაგრამ გადამეტებულმა ხმაურმა, რომ სასამართლომდე გამოუშვან, შეიძლება, კიდევ გაართულოს ვითარება. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ”.

ზაქარეიშვილის თქმით, ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია, არაპირდაპირ, “შემოვლითი გზებით” ჩაერთოს პროცესში.

“…მილიონი ფორმა არსებობს, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს დაუქირავო კარგი ადვოკატი. რუსეთში ძალიან ძლიერი ადვოკატები არიან. შესაბამისად, შეიძლება ადვოკატი გყავდეს, ვინც მას ეფექტურად დაიცავს ადგილზე. მეორე მიმართულებაა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური არხები მუშაობდეს ისე, რომ როგორც კი შედგება სასამართლო, იქნას შეწყალებული. ალბათ, ეს ორი, მეტ-ნაკლებად რელევანტური გამოსავალია, არა ისტერიული, კატეგორიული და პოლიტიზირებული”, – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

მსგავსი შემთხვევებისათვის საჭირო მექანიზმებზე დღეს ზაზა გახელაძის ოჯახში მისულმა სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს მსგავსი მექანიზმები არ აქვს, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

“ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტიანი ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის გატაცებას საოკუპაციო ხაზთან, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რა დროსაც სწრაფი და დროული რეაგირება არის საჭირო.

სამწუხაროდ,IPRM-ის ფორმატი არის შეჩერებული, იგივე ჟენევის ფორმატში მსგავსი საკითხები დროულად ნამდვილად ვერ წყდება და ხშირად არაეფექტიანია”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი