ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ადგილია – FH

5 მარტი, 2020 •
სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი ადგილია – FH

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ახალი პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

სამხრეთ ოსეთის რეიტინგი შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა და შესაძლებელი 100-დან მხოლოდ 10 ქულა უწერია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი 61.

მართალია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმოხილვები ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია „ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“.

ჩვეულებრივ, „ფრიდომ ჰაუსი“ ტერიტორიებზე თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. სამხრეთ ოსეთი კვლავ „არათავისუფლად“ არის მოხსენიებული.

ანგარიშის წლევანდელი მეთოდოლოგიის თანახმად, ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს  თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60.

პოლიტიკურ უფლებებში სამხრეთ ოსეთს 2/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 8/60.

დეტალური დასაბუთება, თუ რა მოვლენების გამო მოხდა ორი ქულის ჩამოკლება და რა მოვლენები შევიდა ანგარიშში, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სამხრეთ ოსეთის მსგავსად, 10 ქულა უწერია აზერბაიჯანს, ჩინეთს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და უზბეკეთს. მათზე დაბალი ქულები არცერთ ქვეყანას/ტერიტორიას არ უწერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი