ახალი ამბები

პომპეომ გახარიასთან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე – საელჩო

18 ნოემბერი, 2020 • 645
პომპეომ გახარიასთან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე – საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპემ გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს, 18 ნოემბერს შეხვდა.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმაც გაავრცელა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მაიკლ პომპეომ განაცხადა:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, – აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი