ახალი ამბები

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

18 ნოემბერი, 2020 •
მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აშშ-ს საელჩომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

“სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის კომენტარიც. პრეზიდენტის თქმით, ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მყარია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი.

“ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ აშშ და საქართველო, რამდენად მყარია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის. მით უმეტეს, დღეს, როცა რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში მას შემდეგ, რაც საფრანგეთში იყო, ასევე ისრაელში ვიზიტამდე, ანუ მის მთავარ პარტნიორთან, ხოლო საფრანგეთი ევროპაში ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მოკავშირეა. ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ასევე, შეხვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

თუ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდება, ეს დიდი შეცდომა იქნება – კრამერი

მასალების გადაბეჭდვის წესი