ახალი ამბები

მაიკ პომპეო თბილისშია

17 ნოემბერი, 2020 • 1069
მაიკ პომპეო თბილისშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

პომპეოს ვიზიტი საქართველოში  18 ნოემბერს სრულდება. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი  შეხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორესთანაც.

“სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე”, – აღნიშნავს აშშ-ის საელჩო პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

18 ნოემბერს, პომპეოს ვიზიტის მეორე დღეს, ოპოზიციური პარტიები მდუმარე აქციის გამართვას გეგმავენ. შესაბამისი გეგმის გამოცხადებისას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ეს იქნება, ერთი მხრივ, “ერთგვარი საზეიმო დახვედრა”, მეორე მხრივ კი, გზავნილი პომპეოს მიმართ, რომ არჩევნები გაყალბებულია.

პომპეოს თვითმფრინავის დაშვებამდე მცირე ხნით ადრე, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და მისი პროგრამა შეაფასა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ. მან “ტვიტერზე” დაწერა:

“პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა.”

მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია ტურნეს ფარგლებში. მანამდე ის საფრანგეთსა და თურქეთში ჩავიდა, თბილისის დატოვების შემდეგ კი იგეგმება ვიზიტები სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელში.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან/EPA

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი