ახალი ამბები

ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის დროს მდუმარე აქციას გამართავს

12 ნოემბერი, 2020 • 1389
ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის დროს მდუმარე აქციას გამართავს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ 17 ან 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს განსხვავებული ფომატის აქცია გაიმართება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. უგულავა ამბობს, რომ ამ დღეს მოქალაქეები სოციალური დისტანციის დაცვით მას დახვდებიან და მხოლოდ ერთ სიტყვას იტყვიან – „გაყალბებულია“.

„ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17 ნოემბერს ან 18-ში. ეს იქნება, ერთი მხრივ, მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინაააღმდეგ და, ამავე დროს, იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტიორი ქვეყნის საგარეო მინისტრის – ბატონი პომპეოს.

ბუნებრივია, აქ ლოკაცია და ფორმატი განსხვავებული იქნება, აქ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ  არანაირ შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ნორმებთან…

ფორმატი იქნება ასეთი – იქნება  სტიკერები დაკრული, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული, დაკრული სტიკერები იქნება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დადგნენ და თქვან ერთადერთი  – „გაყალბებულია“,  – ამბობს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე ყველა ის მოქალაქე შეიკრიბოს, რომელიც შესაძლოა ერთმანეთს არ ეთანხმებოდეს, თუმცა მიაჩნდეს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და, ამავე დროს, ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი  – ერთი მესიჯით, არჩევნები გაყალბებულია და ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს“, – განაცხადა უგულავამ.

დღეს პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ 14 ნოემბერს, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ.

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი