ახალი ამბები

სასამართლომ არჩევნებზე კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

17 ნოემბერი, 2020 • 1006
სასამართლომ არჩევნებზე კიდევ ორი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” და “ლეიბორისტული პარტიის” სარჩელები არჩევნებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პოლიტიკურ პარტიებში დაუდასტურეს.

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიას გასაჩივრებული ჰქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი აქტი:

  1. პარტიის მიერ გასაჩივრებული 29 ოლქის შემაჯამებელი ოქმებზე ცესკოს გადაწყვეტილება;
  2. საქართველოს მასშტაბით პროპორციული და ხუთი მაჟორიტარული ოლქის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილება.

“ჩვენ ვითხოვდით, საჩივრების არდაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დავალებოდა, რომ არსებითად განეხილა ჩვენი საჩივრები, რადგან დარღვეული იყო პროცედურული საკითხები და ცესკომ, პრაქტიკულად, არსებითად არც განიხილა და მხოლოდ ფორმალურად მოისმინა ჩვენი საჩივრები.

ასევე, პროპორციული და ხუთი მაჟორიტარული ოლქის შედეგების გაუქმებას ვითხოვდით და ვასაბუთებდით, რომ არ იყო დაბალანსებული საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რაც ცესკომ არ დააკმაყოფილა. ამ ნაწილში სასამართლოსგან ვითხოვდით, რომ ცესკოს დავალებოდა პროპორციულის შემაჯამებელი ოქმების და მაჟორიტარულ ოლქებში ხუთი საარჩევნო ოლქის, სადაც ჩვენ მეორე ტურში გავედით, შედეგების გაუქმება”, – განმარტა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთ შემთხვევაში პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას პარტია გეგმავს სააპელაციო სასამართლოში.

რაც შეეხება “ლეიბორისტულ პარტიას”, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით და პარტია საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გუშინ, 16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა 3 ოპოზიციური პარტიის, “ევროპული საქართველოს”, “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს” და “სამართლიანობისთვის” სარჩელი საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი