ნეტგაზეთი | არ გვაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი ამ ფორმატში დასრულდება: თალაკვაძე შეხვედრის შემდეგ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი ამ ფორმატში დასრულდება: თალაკვაძე შეხვედრის შემდეგ – Netgazeti
RU | GE  

არ გვაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი ამ ფორმატში დასრულდება: თალაკვაძე შეხვედრის შემდეგ

“მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მეორე შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, “ქართული ოცნება” კვლავ მზადაა საუბრისთვის და ამავე ფორმატში, მესამე შეხვედრაც გაიმართება.

“მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია, ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოვოთ პოზიციები იმისათვის, რათა დემოკრატიამ და ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში.

ვფიქრობ, ახლა საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა და თანამშრომლობის მეტი გზის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა არჩევნები, ამის შესაძლებლობას აძლევს ყველას”, – ამბობს ის.

თალაკვაძის თქმით, კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა თარიღი არც მას და არც ოპოზიციონერებს, არ დაუსახელებიათ.

“როგორც იცით, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ დეტალებს არ ვასაჯაროებთ. შესაბამისად, დღეს ამაზე დეტალურ კომენტარებს ვერცერთი ჩვენგანი ვერ გააკეთებს”, – თქვა მან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიას ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ესაუბრნენ. მათი თქმით, ხმების გადათვლის საკითხი დღეს საბოლოოდ დაიხურა და როგორც მანამდე, ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნებია.

“გადათვლის საკითხი დაიხურა” – რას ამბობენ ოპოზიციონერები მოლაპარაკების II რაუნდის შემდეგ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან