ახალი ამბები

“გადათვლის საკითხი დაიხურა” – რას ამბობენ ოპოზიციონერები მოლაპარაკების II რაუნდის შემდეგ

14 ნოემბერი, 2020 • 1204
“გადათვლის საკითხი დაიხურა” – რას ამბობენ ოპოზიციონერები მოლაპარაკების II რაუნდის შემდეგ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდზე დაიხურა თემა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, სადაც ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების თარიღზე. ამის შესახებ ისაუბრეს სხვა ოპოზიციონერებმაც, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

“დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად, ცესკომ გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, რაზეც იყო საუბარი “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა.

მეორე, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც ძალიან კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ოპოზიციას, მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, რადგან ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს”, – თქვა მან.

კითხვას, რას ეფუძნება მისი მოლოდინი, რომ შემდეგ რაუნდზე ახალი კენჭისყრის თარიღს განიხილავენ, ვაშაძემ უპასუხა:

“იმას, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი პოზიციის საბოლოო ფორმირებისთვის”.

შეხვედრის შემდეგ მედიას ესაუბრა “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, მოლაპარაკების კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია.

“ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, თუმცა შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, და მისი ამოცანაა ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის”, – თქვა მან.

ბაქრაძემ ასევე დაადასტურა, რომ ხმების გადათვლის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, ამის შესაძლებლობა დახურა ცესკოს ნაბიჯმა, როცა კომისიამ არცერთი საჩივარი დააკმაყოფილა.

“ამიტომ, დარჩა მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება. ეს არის ახალი არჩევნების ფორმა, ვადა, პაკეტი…” – ამბობს ბაქრაძე.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმაც. მისი თქმით, მოლაპარაკება გრძელდება და “საქმე პესიმისტურად არ არის”.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პესიმისტურად არ არის საქმე, მოლაპარაკება გაგრძელდება უახლოეს მომავალში, არა ვთქვათ, 1 კვირის მერე და 3 თვის მერე. ყველა გრძნობს და ხედავს, ელჩებიც, “ქართული ოცნებაც”, რომ ვითარება არის მძიმე და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი”.

არ გვაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი ამ ფორმატში დასრულდება: თალაკვაძე შეხვედრის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი