ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილი დამნაშავედ ცნეს

13 ნოემბერი, 2020 • 988
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილი დამნაშავედ ცნეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობასა და თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მათ ნაწილს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს კი  ჯგუფურ ძალადობასთან ერთად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედებოდათ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდნარე, მოსამართლე სასჯელის ზომას განაჩენის სარეზოლუციო ნაწილთან ერთად გამოაქვეყნებს, შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მიუსაჯეს ბრალდებულებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავს. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავს. სწორედ ამ 5 პირს შორისაა არჩილ გაგნიძე.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, რომლის ფრგლებშიც ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.

შაქარაშვილის ოჯახი თავდაპირველად “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი