ახალი ამბები

არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა მატჩზე ყოფნას, ამის ორგანიზება შეიძლებოდა

13 ნოემბერი, 2020 • 1189
არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა მატჩზე ყოფნას, ამის ორგანიზება შეიძლებოდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეზღუდული რაოდენობით მაყურებლის დაშვების ორგანიზება შესაძლებელი იყო.

მისი თქმით, გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო და ფედერაცია ვალდებული იყო, ეს ფაქტორი თავიანთ სასიკეთოდ გამოეყენებინათ:

“ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა.

გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს”, – ამბობს არველაძე.


საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა, ეპიდვითარების გამო გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თამაშს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად, 22:00 საათიდან მოქმედებდა მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00-დან 5:00-საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს და გამონაკლისს უშვებს მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალური საშვების მინიჭებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ქვეყნებს უფლება მისცა სტადიონებზე ადგილების საერთო ტევადობის 30%-ზე დაესვათ ქომაგები, თუმცა გადაწყვეტილება თავას მასპინძელ ქვეყნებს უნდა მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ფეხბურთის ფედერაციის განმარტებები VIP ლოჟის სტუმრებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი