ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის განმარტებები VIP ლოჟის სტუმრებზე

13 ნოემბერი, 2020 • 1453
ფეხბურთის ფედერაციის განმარტებები VIP ლოჟის სტუმრებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი განმარტებას აკეთებს, თუ როგორ მოხდა გუშინ, 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩზე ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება.

როგორც ცნობილია, გუშინდელ მატჩს, რომელზეც მაყურებლის დაშვება აკრძალული იყო, ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე.

მუჯირის განცხადებით, მატჩზე დამსწრე პირთა საშვების რაოდენობა უეფასთან იყო შეთანხმებული.

“არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული, როგორც გასვლით თამაშებზე. როგორც ჩვენ გვქონდა სია, ასევე, მაკედონიის დელეგაციასაც, ისინი უფრო მეტნი იყვნენ VIP ლოჟაში , ვიდრე ჩვენები. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრების მოსვლა მოხერხდა თამაშზე და არც იმ მთავრობის წარმომადგენლების, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნკარებს. გუშინ შეზღუდული იყო სია”, – განაცხადა მუჯირმა.

კითხვაზე, რა ნიშნით იყო შერჩეული ირაკლი კობახიძე, მუჯირი ამბობს, რომ კახა კალაძეს, წარსულში ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, ჰქონდა 3-ადგილიანი კვოტა. ის მიანიშნებს, რომ კობახიძე მატჩზე, სავარაუდოდ,  სწორედ კალაძისთვის გამოყოფილი კვოტების საფუძველზე მოხვდა.

“ქალაქის მერი კახა კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი, უეფასთან შეთანხმებული იყო, რომ კახის ჰქონდა 3 ადგილი განკუთვნილი, როგორც წინა თამაშზე. ამას გარდა, თამაშზე იყო აკრედიტებული მედია და ფედერაციის თანამშრომლები”, – ამბობს მუჯირი.

მისივე თქმთ, უშუალოდ მთავრობიდან მატჩს მხოლოდ ერთი ადამიანი დაესწრო, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

“ძალიან ვწუვარ, რომ დღეს ამ კითხვებს… როცა ასეთი მძიმე წუთებია და ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატამდე”, – განაცხადა მუჯირმა.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა, ეპიდვითარების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თამაშს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად, 22:00 საათიდან მოქმედებდა მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00-დან 5:00-საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს და გამონაკლისს უშვებს მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალური საშვების მინიჭებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ქვეყნებს უფლება მისცა სტადიონებზე ადგილების საერთო ტევადობის 30%-ზე დაესვათ ქომაგები, თუმცა გადაწყვეტილება თავას მასპინძელ ქვეყნებს უნდა მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი