ახალი ამბები

ენმ 29 ოლქის შედეგებს ცესკოში ასაჩივრებს

12 ნოემბერი, 2020 • 1145
ენმ 29 ოლქის შედეგებს ცესკოში ასაჩივრებს

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 29 საარჩევნო ოლქში პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასაჩივრებს.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ასევე გაასაჩივრა მთაწმინდის ოლქის შედეგები საკრებულოს არჩევნებში.

“ყველაზე დიდი დარღვევა, რასაც ვასაჩივრებთ, ეს არის ის, რომ საერთოდ განუხილველად დაგვიტოვეს ყველა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შეუძლებელია, შემაჯამებელი ოქმები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას იმ საჩივრების განხილვის გარეშე, რაც ჩვენ წარვადგინეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში. შემაჯამებელი ოქმები უნდა გაბათილდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. საკმაოდ მოცულობითი შრომა მოუწევს ცენტრალურ სააღჩევნო კომისიას”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” წევრმა თამარ კორძაიამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების წარდგენის ვადა დღეს დასრულდა.

მანამდე პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები და შემაჯამებელი ოქმები — საოლქო საარჩევნო კომისიებში, შემდეგ კი ნაწილი სასამართლოებში გაასაჩივრეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის დღესა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა, რომელთა უმრავლესობა განუხილველი დარჩა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, განხილული 914 საჩივრიდან უმეტესობა, ასევე, არ დაკმაყოფილდა.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი