ახალი ამბები

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

12 ნოემბერი, 2020 • 740
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ბრალდებულს, მერაბ კობიაშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის 9- თვიანი ვადა 15 ნოემბერს ეწურებოდა. ვინაიდან მისთვის ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სასამართლომ ის გაათავისუფლა, თუმცა საქმეზე არსებითი განხილვა კვლავაც გრძელდება.

“15 ნოემბერს გასდიოდან 9- თვიანი ვადა და მოსამართლემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში განხილვა გრძელდება”,-აცხადებენ გორის სასამართლოში.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა კობიაშვილის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს, რომელიც ამბობს, რომ დაცვის მხარეს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდებულის უდანაშაულობა მტკიცდება. მისივე თქმით, საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 25 ნოემბერს არის დანიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 თებერვალს მომდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე იმავე დღეს დააკავა ერთი პირი. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით დაიწყო. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროკურატურა ბრალდებულს განზრახ მკვლელობას, ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავება.

გუდაურში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი