ახალი ამბები

მეწყრის საშიშროების გამო სახლები ქვიშხეთშიც დატოვეს

8 თებერვალი, 2024 • 647
მეწყრის საშიშროების გამო სახლები ქვიშხეთშიც დატოვეს

მეწყრის საშიშროების გამო ორმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც დატოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, შეტყობინება მიწის მასის ჩამოშლის შესახებ დღეს მიიღეს. მერის ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ღობე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი „ნეტგაზეთთან“ აღნიშნავს, რომ მეწყრის მასშტაბი ქვიშხეთში ისეთი დიდი არაა, როგორიც სურამის შემთხვევაში იყო, საიდანაც წუხელ 40-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა, თუმცა მახლობლად მცხოვრებმა ორმა ოჯახმა ტერიტორიის დატოვება ამჯობინა და დროებით ნათესავებთან გაემგზავრა:

„მოსახლეობა გადავიდა ნათესავებთან. ერთი მოსახლე თბილისში ცხოვრობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი მხრიდან დახმარება და მოვლენ ორშაბათს. დაზიანდა ბეტონის ღობე, ამ ეტაპზე სახლი არ არის დაზიანებული, მაგრამ პირველ ეტაპზე ამას გეოლოგიური შესწავლა სჭირდება. თუმცა გეოლოგიური შესწავლაა საჭირო“, — ამბობს ხაშურის მერი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორი სახლია, რომელთაგან ერთს მესაკუთრეები აგარაკად იყენებენ.

თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გეოლოგები ვითარებას შეისწავლიან.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმების ფონზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ბაღდათში სტიქიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი.

6-7 თებერვლის სტიქიის შედეგად მეწყერი და ზვავი ჩამოწვა აჭარაშიც, რასაც ასევე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა სამეგრელოსა და იმერეთის არაერთი დასახლება.


მთავარი ფოტო: მეწყერი ქვიშხეთში / Qartli.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი