ახალი ამბები

ელბაქიძეზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება უნდათ — რატომ არის ეს პრობლემა

13 ნოემბერი, 2020 • 4560
ელბაქიძეზე მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება უნდათ — რატომ არის ეს პრობლემა

თბილისის არქიტექტურის სამსახური განიხილავს პროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, კომპანიას საქანელას ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ) მულტიფუნქციური კომპლექსის აშენების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის თანახმად, კომპლექსის მაღლივი შენობის სიმაღლე 54 მეტრია. შენობის ჩაღრმავება მიწის ზედაპირიდან ქვემოთ- 4 მეტრი.

ამ მშენებლობას ექსპერტები პრობლემურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ საბოლოოდ გასცა არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა, ეს გადაწყვეტილება თბილისის კულტურულ ლანდშაფტსა და მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას — ხედს მთაწმინდის ქედზე — დააზიანებს.

რა იგეგმება — საპროექტო დოკუმენტაცია

საპროექტო ტერიტორია, სანაპიროს ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ჯამში, 65 500 კვ.მ-ს აღწევს. ეს ადგილი, თავის მხრივ, არაერთ პატარა ნაკვეთს მოიცავს, შესაბამისად, მას რამდენიმე საკადასტრო კოდი აქვს.

არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური საიტის თანახმად, ამ ნაკვეთებს სხვადასხვა მფლობელები ჰყავთ, მათ შორის, სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“; შპს „ცენტრ პლაზა“ და სააქციო საზოგადოება „თელასი“. პროექტის შემშრულებლად კი მითითებულია შპს „მიდამო“.

ელბაქიძის აღმართი. ფოტო: საპროექტო დოკუმენტაცია

შპს „მიდამოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მთავარი არქიტექტორია. აქვე მითითებულია მისი საკონტაქტოც. გიორგი ჭყონიას კომენტარის მისაღებად ამ ნომერს დავუკავშირდით, პასუხის მიღების შემთხვევაში, ეს მასალა განახლდება.

„პროექტი დამუშავდა გერმანული არქიტექტურული კომპანია „გრაფტის“ მიერ, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.

მოცემულია მრავალფუნქციური კომპლექსის იდეა, სადაც განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

მშენებლობა ელბაქიძის ქუჩაზე. ფოტო: საპროექტო რენდერი

კომპანია ამბობს, რომ ტერიტორიაზე შესვლა როგორც საფეხმავლო, ასევე სატრანსპორტო ნაკადებისთვის შესაძლებელი რამდენიმე მხრიდან იქნება , მათ შორის, რესპუბლიკის მოედნიდან, გალაქტიონის ხიდიდან და სხვა.

თუ ეს პროექტი შედგა და კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, ყოფილი ელბაქიძის აღმართი ასეთი იქნება:

მშენებლობა ელბაქიძის ქუჩაზე. ფოტო: საპროექტო რენდერი

მშენებლობა ელბაქიძის ქუჩაზე. ფოტო: საპროექტო რენდერი

ნეტგაზეთს თბილისის არქიტექტურის სამსახურში უთხრეს, რომ კომპლექსის ესკიზი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე დადებითად შეფასდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

„გაცნობებთ, რომ ესკიზის წინასწარი შეთანხმებისას საბჭო განიხილავს ფოტომონტაჟის მიხედვით, კონცეფციის დონეზე, განსახორციელებელი მშენებლობის მხოლოდ ქალაქგეგმარებით შესაბამისობას არსებულ განაშენიანებასთან.

მოქმედი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპს, რაც ესკიზის წინასწარი შეთანხმების დროს არ ხდება. კონკრეტულად, თუ როგორი არქიტექტურული პროექტები უნდა შეთანხმდეს, ეს დამოკიდებული იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაზე, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა“, – წერია არქიტექტურის სამსახურის პასუხში.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ელბაქიძის აღმართის დღეს გამოიყურება ასე:

ელბაქიძის აღმართი. ფოტო: საპროექტო დოკუმენტაცია

რატომ არის ეს მშენებლობა თბილისის იერსახისთვის დამაზიანებელი – ექსპერტების შეფასება

ვერის დაღმართი (ყოფილი ელბაქიძის) ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაწილია და ამას ადასტურებს არა მხოლოდ ჩანაწერები, არამედ ფოტოარქივიც.

ვერის აღმართი. ფოტოზე მითითებული თარიღით – 1937 წელს. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ვერის აღმართი. ფოტო აღებულია „საზოგადოებრივი არქივის“ ბლოგიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ისტორიულ ადგილზე მშენებლობის სურვილი და თბილისის არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაცია ჩნდება.

სწორედ ამიტომ, ნეტგაზეთთან საუბარში ექსპერტები – თამარ ამაშუკელი და ზურაბ ბაქრაძე ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული იერსახე კერძო ინვესტორის სურვილის მიხედვით არ უნდა შეიცვალოს.

„ესკიზი აზიანებს კულტურულ ლანდშაფტს“

„უფრო ზოგადად მინდა დავიწყო – არ შეიძლება, ქალაქში გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილებში დამკვეთი რასაც უნდა, იმას აკეთებდეს. ეს პირველ რიგში, ქალაქის საქმეა და ამიტომაა მნიშვნელოვანი კონკურსის გამოცხადება“, – პროექტზე საუბრის დასაწყისში ნეტგაზეთთან ამბობს ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. 

ის გვიყვება, რომ ამ პროექტის განაშენიანების, სულ მცირე, სამი პროექტი არსებობს, თუმცა, ამ სამს შორის ახალი ესკიზი ყველაზე ნაკლოვანია.

ზურაბ ბაქრაძე.

ბაქრაძის მონაყოლის თანახმად, პირველად, დაახლოებით 2007 წელს, იმავე კომპანია „გრაფტმა“ შეიმუშავა ე.წ. მასტერპლანი, რომელსაც საფუძვლად გაცილებით დიდი ტერიტორიის შესწავლა ედო. ამის შემდეგ საქმე შეჩერდა და უკვე 2019 წელს ამავე კომპანიამ არქიტექტურის სამსახურში ესკიზის შეთანხმებაზე განაცხადი შეიტანა და მიიღო თანხმობა.

„უცნაურია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ შეაქვს განაცხადი, ისევ იმავე მიზნით. ამ ორ ბოლო პროექტს შორის აშკარაა, რომ 1 წლის წინადადელი ვარიანტი სჯობია.

თუმცა იქაც რატომღაც იყო ერთი კოშკურა შენობა, რომელიც ეპაექრება „ივერიას“ და გაუგებარია –  რატომ. “ესაა მეორე „ივერიის“ მაგვარი შენობა, რომელიც საქმეს აფუჭებს. სხვა მხრივ, ის ესკიზი მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, ვიდრე წლევანდელი“, – დასძენს ის.

„იმაზე, რომ აქ ღია კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო, მეტყველებს ტერიტორიის სირთულეც“ – ამბობს ზურაბ ბაქრაძე. მისი აზრით, სანაპიროს მიმდებარე ეს ტერიტორია თავისი არსით პრობლემურია, ვინაიდან აქ ავტომაგისტრალი გადის და, შესაბამისად, მისი მხრიდან შეუძლებელი იქნება კომპლექსის წვდომა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის, ასევე, ქვეითებისათვის. მისი თქმით, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ავტომაგისტრალი წარმოადგენს ხმაურითა და გამონაბოლქვით ძლიერი დაბინძურების წყაროს, რაც მისკენ მიმართულ განაშენიანებას განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აყენებს.

„ის ნაკლი, რაც ამ სამივე პროექტს აქვს, გამომდინარეობს იქიდან, რომ არ მოხერხდა ფართო საზგოადოებრივი აზრის გათვალსიწინება კონკურსის გზით, მაშინ, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი მიგვეღო. თუმცა ამ კონკურსშიც გადამწყვეტი უნდა ყოფილი საზოგადოებრივი ინტერესი და არა – მესაკუთრის.”

„მესამე ვარიანტის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ის არაკონცეპტუალურია. ტერიტორიაზე ჩადგმულია 8 კორპუსი, თუმცა ამ კორპუსების მოხაზულობა გეგმაში არ არის მართკუთხა და თითქოს ამას უნდა გაეცოცხლებინა შიდა სივრცე, მაგრამ ეს არ იმუშავებს…

სხვა მხრივ, ეს არის კორპუსები, რომელთა სიმაღლეც საოცრად გადაჭარბებულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება გარემოს. არ შეესაბამება თბილისის ლანდშაფტს. რენდერებზეც ჩანს – ხედი გალაკტიონის ხიდიდან კარგად აჩვენებს ამ ნაკლს“.

პროექტის კიდევ ერთი პრობლემურობა ბაქრაძისთვის ისიც არის, რომ ის აზიანებს თბილისის ლანდშაფტს – ესკიზზე გამოსახული შენობების სიმაღლე ფარავს და ფასს უკარგავს მთაწმინდის ხედს.

„არადა, თბილისის მთავარი ფასეულობა ეს ლანდშაფტია, ესკიზი კი ამ კულტურულ ლანდშაფტს აზიანებს. ამ თვალსაზრისით, წინა ვარიანტი, მაღლივ შენობას თუ არ ჩავთვლით, უეკთესია. რატომ მოინდომეს გაცილებით უარესი ესკიზისი, ჩემთვის გაუგებარია.

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ესკიზი ჩემთვის სრულიად მიუღებელია თავისი არაკონცეპტუალურობის გამო. არაფრის მთქმელი არ არის, უბრალოდ, რამდენი კორპუსიც ჩაეტია, იმდენი ჩაალაგეს“, – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

პროექტი გაუაზრებულია ურბანული თვალსაზრისით

ესკიზის შეუსაბამობაზე ნეტგაზეთთან საუბრობს ასევე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი. ის გვიყვება, რომ თბილისის ამ ისტორიულ ზონაში 2009 წელს ნგრევის შედეგად საკმაოდ დიდი ტერიტორია გაჩნდა – „ და ჩვენ მიერ ისტორიულ ქალაქში წარმოებული სრულიად გაუაზრებელი, ხშირად კი დამაზიანებელი პოლიტიკა იძლევა იმის საშუალება, რომ აქ დაიწყოს მსხვილი მასშტაბის, ისტორიული ქალაქისთვის სრულიად შეუსაბამო მშენებლობა.”

ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ ორივე პროექტი 2019 წლისაა და წლევანდელიც გაუმართლებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

„ფაქტი ერთია, ორივე პროექტი ნათლად გვაჩვენებს, პროექტანტები ( კომპანია ”გრაფტი” და “მიდამო” ) არ იცნობენ ადგილს, არ იციან ისტორიული ქალაქის ფასეულობა, მისი მახასიათებლები, შესაბამისად, არ იცავს მას.

მათი მიზანი დამკვეთის მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტაა, და არა – ისტორიული ქალაქის ინტერესების გათვალისწინება. პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ის ითვალისწინებს ისტორიულ გარემოს, გარშემო არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების მახასიათებლებს, და მეტ-ნაკლებად იმეორებს ისტორიულ ქუჩათა ქსელს, ასევე მორგებულია ლანდშაფტს.

ის, რაც ნათქვამია განმარტებით ბარათში, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ პროექტი ასეთი ვერ იქნებოდა.   პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ სრულიად  საპირისპიროს “, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

„პროექტი გაუაზრებულია ურბანული თვალსაზრისით, მიუღებელია მისი მასშტაბი, არქიტექტურული გადაწყვეტა. მართალია, გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ მონახაზია, მაგრამ უკვე კარგად ჩანს, როგორი იქნება მისი ძირითადი მახასითებლები, მიუღებელია დამოკიდებულება ლანდშაფტთან, არქიტექტურულ გარემოსთან.

წარმოდგენილი პროექტი არა მარტო უგულელყოფს ისტორიული ქალაქის თავისებურებებს, არამედ უპირისპირდება მას, ანგრევს გარემოს, ცვლის მასშტაბს, სრულიად ცვლის ისტორიული ქალაქის ხედვისა და აღქმის არეალებს. სამწუხაროა ასეთ უპასუხისგებლო მიდგომა როგორც ტერიტორიის მფლობელის, ისე პროექტანტისა და ნებართვის გამცემის მხრდან,“


2019 წლის პროექტის შესახებ წაიკითხეთ აქ:

ელბაქიძის აღმართთან შესაძლოა 65-მეტრიანი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი