ქალაქ თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე, ყოფილი ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ, შესაძლოა, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდეს, რომლის მაღლივი შენობის სიმაღლე საპროექტო განაცხადის მიხედვით, 65 მეტრი იქნება.
მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს მერიის შესაბამისი სამსახურისგან დადებითი შეფასება მიღებული აქვს თანდართულ რეკომენდაციებთან ერთად. რეკომენდაციებში საუბარია მაღლივი შენობის სიმაღლეში შემცირებაზეც.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, “ტერიტორიაზე ვრცელდება მეტწილად სარეკრეაციო ზონა, ასევე სატრანსპორტო ზონა 1 და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. საპროექტო ტერიტორია დღეისათვის წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რაც დადგენილია ახალი გენ-გეგმის შესაბამისად, თუმცა მკაფიოდ ხაზგასასმელია, რომ ისტორიულად და ადრეული გენ-გეგმის შესაბამისად, მოცემული ნაკვეთი ყოველთვის წარმოადგენდა განაშენიანებულ სივრცეს და გააჩნდა შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პარამეტრებიც”.
პროექტის ავტორების განცხადებით, მრავალფუნქციური კომპლექსში განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით
დააკლიკეთ - პროექტის განმარტებითი ბარათი სრულად
მოცემულ ტერიტორიაზე არსებობდა „ საქანელას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების დასაგეგმარებლად რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რომლის დადგენილი პარამეტრებიც გაცილებით ცდება ჩვენს მიერ დღეისათვის მოთხოვნილ განაშენიანების ჯამურ მოცულობას. დღეისათვის წარმოდგენილ მოცულობით გადწყვეტაში, მოცემულია მრავალფუნქციური კომპლექსის იდეა, სადაც განთავსდება სასტუმრო, საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით. საპროექტო წინადადებით შემოთავაზებულია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1. ტერიტორიაზე შესვლა ხორციელდება როგორც საფეხმავლო ასევე სატრანსპორტო ნაკადებისათვის. ავტოტრანსპორტი ძირითადად მოძრაობს სანაპიროს მხრიდან და საპროექტო მოცულობის ყველა წერტილთან გააჩნია მოხერხებული წვდომა, საფეხმავლო ნაკადები კი საკადასტრო საზღვრის სრულ პერიმეტრზე მოძრაობენ და გააჩნიათ რამოდენიმე შესვლა ტერიტორიაზე, რომელთაგან აქცენტირებული რესპუბლიკის მოედნის მხრიდან და გალაქტიონის ხიდის მოპირდაპირედ მოწყობილი ერთგვარი მოედნებია, ასევე არსებობს მკაფიოდ გამოხატული შიდა საფეხმავლო ქუჩათა ქსელი, რომელიც გარკვეულწილად იმეორებს თბილისისათვის ისტორიულად ჩამოყალიბებულ შინაარსს, რომელიც ქმნის თავშეყრისა და რეკრეაციის მრავალფეროვან საშუალებას.
ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან შენობები განთავსებულია რელიეფის გათვალისწინებით და მათი გაბარიტები წარმოადგენს 3-5 სართულიან დანაწევრებულ ნაგებობებს, რაც ასევე ისტორიულ კონტექსტთან სიახლოვით არის განპირობებული. სანაპიროს მხრიდან რელიეფის მკვეთრი ვარდნის გამო, შენობები რომლებიც ესაზღვრება ჯავახიშვილის ქუჩას წარმოდგენენ 8-9 სართულიან მოცულობებს, რომელთა ნახევარიც პრაქტიკულად მიბჯენილია ფერდობს და ცალმხრივი ორიენტაციით არის მოცემული შიდა ეზოს ნაწილში. დომინანტ მოცულობას წარმოადგენს 18 სართულიანი ნაგებობა, რომელიც სანაპიროს მხრიდან განთავსებულია ნაკვეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჯამში მოცულობითი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ტერიტორიის მომიჯნავედ მყოფი ისტორიული განაშენიანების, რელიეფის თავისებურებებისა და არსებული გამწვანების გათვალისწინით მოცემულ პრინციპებს და ამავდროულად სრულად პასუხობს თანამედროვე ესთეტიკისა და ფუნქციური სპეციფიკის მოთხოვნებს.
მიწის ნაკვეთი ს/კ: 01.15.04.003.013 არის თელასის მფლობელობაში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკება, რის შედეგადაც მოხდება ამ ნაკვეთის საპროექტო არეალის ცენტრიდან პერიფერიაზე გადაწევა, ამიტომ ნაკვეთის ფართობი არ არის შესული საერთო საპროექტო ფართობში;
საპროტექტო ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მფლობელი შპს ცენტრ პლაზაა, რომლის 100%-იან წილსაც “ესარჯი რიალ ისთეითის” ეკუთვნის. თავის მხრივ “ესარჯი რიალ ისთეითის” მფლობელი მალტაში რეგისტრირებული კომპანია კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედია, რომელიც სილქ როუდ ჯგუფთანაა დაკავშირებული. “ესარჯი რიალ ისთეითის” და სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს: მამუკა შურღაია.
საპროტექტო განაცხადის მიხედვით, შენობის K2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი 65 000 კვ.მ-ია, შენობის სიმაღლე 64.7 მ. შენობის ჩაღრმავება მიწის ზედაპირიდან ქვემოთ 4 მ.
მშენებლობის დაწყებისთვის განმცხადებელმა უნდა გაიაროს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების სტადიები.