ახალი ამბები

პომპეოსთვის აქციის გამართვას არ ვაპირებ, გამორიცხულია — ვაშაძე

11 ნოემბერი, 2020 • 949
პომპეოსთვის აქციის გამართვას არ ვაპირებ, გამორიცხულია — ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს აქციის გამართვას არ აპირებს.

მისი თქმით, ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან სტრატეგიულ პარტნიორს აქციებით არ ელაპარაკებიან.

“ჩვენ შეიძლება რაღაც სიმბოლური ღონისძიებები გვქონდეს, რომ საზოგადოებას ხალხის განწყობა ვაჩვენოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პომპეოსთვის აქციების გამართვა აბსურდია და ეგეთი რამ არ მგონია, რომ ვინმეს თავში მოუვიდა.  მე არ ვიცი, მან [მიხეილ სააკაშვილმა] რა თქვა, მაგრამ მე პომპეოსთვის აქციის გამართვას არ ვაპირებ. ეს ჩემთვის გამორიცხულია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და არ ვაპირებ აქციებით ველაპარაკო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ეს ცალსახაა. რაც შეეხება სიმბოლურ ღონისძიებებს, ამაზე ვიფიქრებთ და შევჯერდებით”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

გუშინ, 10 ნოემბერს,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ხალხის მობილიზება უნდა მოხდეს.

“ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის”, – აცხადებს სააკაშვილი.

მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქ ილია მეორეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი