ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არუთუნიანის სპიკერის თქმით, შუშა დაკარგეს | ფაშინიანი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება

9 ნოემბერი, 2020 • 1639
არუთუნიანის სპიკერის თქმით, შუშა დაკარგეს | ფაშინიანი ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება

ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ქალაქი შუში/შუშა აღარ არის სომხეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ, რითაც დაადასტურა წინა დღით აზერბაიჯანული მხარის განცხადება ქალაქზე კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით.

პოღოსიანმა ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული ფეისბუკ პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე კი, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ქალაქის ერთ-ერთ შენობასთან დგანან.

თუმცა პოღოსიანის განცხადების გავრცელების შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე მოკლე განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ამ ქალაქისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

აზერბაიჯანული მხარის განცხდებით, მათ მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა/შუში აიღეს. 8 ნოემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „შუშა ოკუპაციისგან გათავისუფლებულია“. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა არწრუნ ჰოვანესიანმა კი პასუხად დაწერა, რომ ბრძოლები ქალაქში ჯერ კიდევ გრძელდება. „დაიცადეთ და იქონიეთ ჩვენი ჯარისკაცების რწმენა“, – წერს იგი.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები უკვე 44-ე დღეა სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. ბოლო დღეებში დაძაბულობა მწვავდება ქალაქ შუშას/შუშის მიდამოებში.

უცნობია ორივე მხარეს გარდაცვილთა რაოდენობა. სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.

მხარეებმა ამავე დროის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს ერთმანეთი.

„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე

მასალების გადაბეჭდვის წესი