ახალი ამბები

8 ნოემბრის აქცია კანონდარღვევით დაიშალა — ღია საზოგადოების ფონდი

9 ნოემბერი, 2020 • 1512
8 ნოემბრის აქცია კანონდარღვევით დაიშალა — ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მას “სამწუხაროს” უწოდებს.

ფონდი აღნიშნავს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ გააჩინა რეალური პერსპექტივა, საკანონმდებლო ორგანო გამხდარიყო უფრო პლურალისტური და გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.

თუმცა ფონდი იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს და მიაჩნია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

მათი განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ “წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც შესაძლოა ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმუმრობის საკითხი”.

მათი  თქმით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საშუალებას წაართმევს საკანონმდებლო ორგანოს, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით –  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. აღნიშნული პროტესტის დროს სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები”, — აღნიშნულია ღია საზოგადოების განცხადებაში.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი მიიჩნევს, რომ “უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში”, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და პროცესების ნორმალურ ვითარებაში დასაბრუნებლად, აუცილებელია:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
  • ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
  • ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
  • მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ გასწიონ ძალისხმევა, რომ მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ მოლაპარაკების მეშვეობით გადაწყვიტონ პრობლემური საკითხები და “საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განუხრელ დაცვას”.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი