ახალი ამბები

ცესკოსთან დაკავებულების სასამართლო სხდომები დაიწყო

9 ნოემბერი, 2020 • 949
ცესკოსთან დაკავებულების სასამართლო სხდომები დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო ცესკოსთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი.

როგორც ნეტგაზეთს სასამართლოში უთხრეს, სხდომები დაახლოებით 1 საათია, რაც მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, 8 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, პოლიციამ, ჯამში, 19 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა ადვოკატს, დიტო საძაგლიშვილს, რომელიც 5 დაკავებულის უფლებებს იცავს. მისი თქმით, ამ საქმეზე 5 ადვოკატი მუშაობს, თუმცა ამ დროისთვის სასამართლოში ჯერ პირველი სხდომაც არ დასრულებულა.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ.

8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი დაუშინა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა.

შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი