ახალი ამბები

შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

9 ნოემბერი, 2020 • 891
შსს-სთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება

9 ნოემბერს, 16:30 საათზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან აქცია სახელწოდებით “ნუ გვაბრმავებ!” გაიმართება.

აქცია გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებულ ღონისძიებებს ეხება, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები, ასევე დაზიანდა მათი ტექნიკა. აქციაზე ქარტიის წარმომადგენლები ასევე გაავრცელებენ მიმართვას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით.

“2020 წლის 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აღსანიშნავია, რომ ადგილზე შესაძლებელი იყო ჟურნალისტების იდენტიფიცირება,” – წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი