“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას და შევიდეს პარლამენტში. “ქართული ოცნების” ოფისში დღეს, 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ის გამოეხმაურა გუშინ, ცესკოს ოფისთან საპროტესტო აქციის დაშლას და თქვა, რომ “არ არის სასიამოვნო საყურებელი” ეს მოვლენები.
კალაძემ “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ და კანონის პატივისცემისკენ მოუწოდა. მან სამართალდამცავებსაც გადაუხადა მადლობა, “რომ იმოქმედეს მაქსიმნალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.”
“მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები. შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პლატფორმას, მაგრამ მინდა ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო.
არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან მომიტინგეები პოლიციელებს ქვებს, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია.
ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. მილიონამდე ადამიანმა ქართულ ოცნებას გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას “ქართული ოცნება” დააკომპლექტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, პლიტიკურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ისნტიტუებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა”, – აცხადებს კალაზე.
მისივე თქმით, თუ ვინმეს კონკრეტულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, უნდა მიმართოს სამართლებრივ გზებს, მოემზადოს არჩევნების მეორე ტურისთვის და უარი თქვას დესტრუქციაზე.
“ყველა უნდა მივეჩვიოთ, ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და მილიონამდე ადამიანს არჩევანს ვერავინ შეუცვლის საპროტესტო აქციებით. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას. სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამეროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით”, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ცესკოსთან აქციას “ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი” მართავდა და მან სხვა პარტიებს მოუწოდა, გაემიჯნონ ოპოზიციის ამ ნაწილს.