ახალი ამბებიკომენტარი

საჭიროების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არღვევს შეკრების თავისუფლებას – გოგია

8 ნოემბერი, 2020 • 1958
საჭიროების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არღვევს შეკრების თავისუფლებას – გოგია

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ ცესკოსთან სამართალდამცველების მიერ, გაფრთხილების გარეშე, სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძველი არ ყოფილა. ამის შესახებ გოგიამ ნეტგაზეთთან ისაუბრა.

მისი თქმითმ საჭიროების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენება არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“სრული სურათის წარმოდგენა და დასკვნების გამოტანა ჩემთვის ძალიან ძნელია, არ შემისწავლია საქმე. იქიდან, რაც მე ტელევიზიით დავინახე, სპეციალური საშუალების გამოყენების წინ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ კონკრეტულ მომენტში დემონსტრანტები, არ ჩანდა. შესაბამისად, გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გამოყენების საფუძველი მე ვერ დავინახე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ყოფილიყო გაფრთხილება. თუ გაფრთხილება არ იქნებოდა, უნდა ყოფილიყო რაღაც საჭიროება. საჭიროების გარეშე მისი გამოყენება, რა თქმა უნდა, არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გოგიამ.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტებს ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ წყლის ჭავლი დაუშინა.

ცესკოსთან გაფრთხილება სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მხოლოდ წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ გაჟღერდა. ასევე, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

“აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს შსს.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი