ახალი ამბები

თითქმის 20 საათი აქვთ, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ – კობახიძე ოპოზიციასა და შეზღუდვებზე

8 ნოემბერი, 2020 • 1711
თითქმის 20 საათი აქვთ, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ – კობახიძე ოპოზიციასა და შეზღუდვებზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თანახმად, ორშაბათიდან გადაადგილების შეზღუდვა ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად არ შემოუღიათ.

ჟურნალისტებმა 8 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, თუ რას იტყოდა ოპოზიციის წევრების მოსაზრებაზე, რომ კომენდანტის საათი მათი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად შემოიღო მთავრობამ:

„მათ დღე-ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ, რაც უნდათ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში — თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში — შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ 7 საათის განმავლობაში. შეზღუდვა დღის განმავლობაში 17 საათს არ იმოქმედებს.

მთავრობა აღნიშნულს გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის. ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ეს რეგულაცია „არ არის კომენდანტის საათი. ეს არის გადაადგილების შეზღუდვა“.

გაიგეთ მეტი ამ რეგულაციაზე და რა ხარვეზებს ხედავენ მასში იურისტები:

“შინაარსობრივად არაკონსტიტუციური”- რა განასხვავებს “წერტილოვან შეზღუდვას” კომენდანტის საათისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი