ახალი ამბები

საოლქოებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ – ცესკო

5 ნოემბერი, 2020 • 792
საოლქოებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ და რიგ შემთხვევებში, არაუფლებამოსილი პირები სხდომებზე შეჭრას ცდილობენ.

როგორც ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საჩივრების ნაწილი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ, შესაბამისად, კომისიებს მათი განხილვის კანონიერი საფუძვლები არ ჰქონდათ.

“თუმცაღა, საოლქო სააღჩევნო კომისიებმა, რიგ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით მოახდინეს რეაგირება საჩივრებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის შედეგები გადაითვალა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა კომისიამ გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო განცხადება/საჩივრების საფუძველზე, ხოლო 2-მა — საკუთარი ინიციატივით. 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები. 8 შემთხვევაში მონაცემები უცვლელი დარჩა”, — განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს წარმომადგენელმა მაგალითად მოიყვანა, მთაწმინდის ოლქის 01.01.18 უბანი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით გადათვალა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მიღებული ბიულეტენების და ხელმოწერების რაოდენობა იყო შეცდომით, აქედან გამომდინარე, განკარგულებით გასწორდა აღნიშნული ხარვეზი.

ისანში, სადაც 1 სპეცუბნის გადასატანი ყუთის შედეგები იყო გადათვლილი, კალანდარიშვილის თქმით, მაჟორიტარულ ნაწილში შედეგები გაუქმდა.

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 1 693 განცხადება/საჩივარი. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი იყო 2 დღის ვადაში.საჩივრების განხილვისთვის  საოლქო საარჩევნო კომისიებს ასევე 2-დღიანი ვადა აქვთ და ეს პროცესი გუშინ, 4 ნოემბერს დაიწყო.

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი