ახალი ამბები

შეცვლილი წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება მცხეთის ოლქშიც – ჟვანია

4 ნოემბერი, 2020 • 1242
შეცვლილი წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება მცხეთის ოლქშიც – ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქში კენჭისყრის შედეგების ნაწილის გაუქმების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ამ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამ შედეგის თანახმად, მეორე ტური 16-ის ნაცვლად 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიდა შალვა კერესელიძე, რომელსაც წინასწარი შედეგებით, 50,1% ჰქონდა აღებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს- 33.4%.

3 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ „სულ ახლახან მცხეთაში დასრულდა საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა“, რამაც შედეგები შეცვალა:

„საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაზეა [ქსნის ციხის უბნის შედეგებზეა] საუბარი. დღეს, ზუსტად რამდენიმე წუთის წინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ უბანზე შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა“.

ამ შედეგების გაუქმება, ჟვანიას თანახმად, „ფაქტობრივად, იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს“.

„წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იმიტომ, რომ ყველა მაჟორიტარული შედეგი ამ უბანში, რომელიც იყო 600-მდე ხმა, და იქ არასწორად იყო ეს ბიულეტენები გაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გაიგეთ, ვინ ხდება დეპუტატი – ბოლო შედეგებით, პარლამენტში 9 პარტია შედის

მასალების გადაბეჭდვის წესი