ახალი ამბები

ვაკის 45-ე უბანზე გაცემული ოქმი ცესკოს საიტზე ატვირთული დოკუმენტისგან განსხვავდება – ხოშტარია

3 ნოემბერი, 2020 •
ვაკის 45-ე უბანზე გაცემული ოქმი ცესკოს საიტზე ატვირთული დოკუმენტისგან განსხვავდება – ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვაკის 45-ე უბანზე გაცემული ოქმი ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმისგან განსხვავდება.

ხოშტარიას ცნობით, ამ უბანზე გაცემულ ოქმში ჩანს, რომ გაბათილებული ბიულეტენების გრაფა ცარიელია, თუმცა ცესკოზე ატვირთულ ოქმში, ამავე ადგილას წერია, რომ ბათილად 45 ბიულეტენი ცნეს.

ინფორმაცია ამ ოქმის შესახებ ხოშტარიამ თავის ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მსგავსი ცვლილებისთვის საჭიროა, რომ არსებობდეს შემასწორებელი ოქმიც, რომელიც ცვლილებას ახსნიდა. თუმცა ასეთი ოქმი ცესკოს საიტზე ატვირთული არ არის.  [3 ნოემბრის 17:32 საათის მდგომარეობით]

ვაკის 45-ე უბანი.

პირველ ფოტოზე ხედავთ საარჩევნო უბანზე დაწერილ ოქმს, რომელშიც ცვლილება შეიძლება, შევიდეს მხოლოდ…

Posted by ელენე ხოშტარია Elene Khoshtaria on Tuesday, 3 November 2020

ნეტგაზეთს ხოშტარია უყვება, რომ ამ უბანზე პარტიას თავისი დამკვირვებელი ჰყავდა და სწორედ მან წამოიღო ბეჭედდარტყმული ოქმი. მისივე ვარაუდით, უკვე შემდეგ, საოლქო კომისიაში, გაბათილებული ბიულეტენების გრაფაში რიცხვი ჩაწერეს, რაც შემასწორებელი ოქმის გარეშე უკანონოა.

„ამასთანავე, მსგავს ცარიელ გრაფებში ყოველთვის უნდა იყოს X-ის ნიშნები, რათა შემდგომ ოქმში არ ჩაიწეროს რაიმე, აქ მსგავს რამე არ არის“, – ამბობს ხოშტარია.

სხვა განმარტება აქვს 45-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს, შორენა თალაკვაძეს. ის ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა უბრალო ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც კომისიის წევრებმა ოლქში მიტანამდე გამოასწორეს.

„ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლები, ჩვენთან უბანზე იყვნენ, იგივე „ნაციონალური მოძრაობის თუ სხვა. იყო რამდენიმე უზუსტობა, შესაბამისად, მათ გადასაწყვეტად და ხმების დასათვლელად ჩვენ გვჭირდებოდა დრო. გვიან ღამე, 3 საათზე მოვრჩით ყველაფერს, ყველაფერი დათვლილი იყო.

საერთო ჯამში, პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებში 65 ბათილი იყო, უბრალოდ, მდივანს დაადგნენ თავზე – შემაჯამებელი ოქმი მომეცითო. მდივანი რომ აღელდა, ისეთი სიტუაცია იყო, თან გადაღლილი იყო, თავდაპირველად არ ჩაუწერია. დამკვირვებლებმა უცბად გადაიღეს ქსეროასლები და წაიღეს“, – ამბობს შორენა თალაკვაძე.

მისივე თქმით, სანამ შემაჯამებელ ოქმს მიიტანდნენ, კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ გადახედეს დოკუმენტს და აღმოაჩინეს, რომ გრაფა ცარიელი იყო.

„ჩავწერეთ ჩვეულებრივად. შეუძლიათ იჩივლონ, გახსნან ჩვენი ცელოფანი და ნახონ ეს 65 ბათილი ხმა“, – ამატებს თავმჯდომარე. მისივე განმარტებით, რაკი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში შეცდომა არ იყო, მათ შემასწორებელი ოქმი არ დაწერეს.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის დაუკავშირდა ცესკოსაც. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ყველა უბანთან დაკავშირებით ცესკოში საჩივრები შეაქვთ – „ბევრი დარღვევები მოვაგროვეთ, მაგალითად, ის, რომ ბალანსი არ არის დამჯდარი 61 უბანზე, შესწორების ოქმებებიც გვიან იტვირთება,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი