ახალი ამბები

საქართველოს არჩევნებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამოეხმაურა

2 ნოემბერი, 2020 • 930
საქართველოს არჩევნებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამოეხმაურა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა კიდევ რამდენიმე ქვეყანა – პოლონეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, რუმინეთი და ლატვია.

ოფიციალურ განცხადებაში ქვეყნები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მიესალმებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხარვეზებზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ მეორე ტური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება.

“გაერთიანებული სამეფო ეთანხმება ეუთო/ოდირის დასკვნას, რომ მიუხედავად ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს გლობალურ, საგარეო მისწრაფებებთან”, – წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს, ევროპის და ამერიკის საკითხებში მინისტრი, ვენდი მორტონი.

მეორე ტურის შესახებ საუბრობს რუმინეთიც. ქვეყნის საგარო უწყება განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს, რომლითაც საქართველოს კონკურენტული არჩევნების ჩატარებას ულოცავს და დასძენს:

„ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტური, რომელიც დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება,“.

რუმინეთის მსგავსად, ოფიციალურ განცხადებაში მეორე ტურზე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობს. უწყება განცხადებაში აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანა შეასრულებს საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები მეორე ტურის დროს“, – ამბობს ლატვიის საგარეო უწყება.

ოფიციალურ განცხადებაში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს არჩევნების დროს დარღვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. პოლონეთი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საფუძვლიანად შეისწავლოს ყველა ასეთი განცხადება.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (OSCE / ODIHR, ევროკავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო და ნატო) შეფასებებს არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და აკმაყოფილებდა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე დროს, ყურადღებას ვამახვილებთ დარღვევების შესახებ ამაღელვებელ ცნობებზე, რომელთა მასშტაბები, სავარაუდოდ, უნდა აღემატებოდეს 2016 წლის არჩევნების დარღვევებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ყველა სიგნალი და საფუძვლიანად გამოიკვლიოს წარმოდგენილი საჩივრები მოქმედი პროცედურების შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ასამაღლებლად, რომელიც იგეგმება 21 ნოემბერს“, – წერია განცხადებაში.

საქართველოს არჩევნებს ასევე გამოეხმაურა თურქეთიც. მოკლე განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მოხარულია მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩატარებული არჩევნების გამო.

ნახეთ ასევე:

ალიევი გახარიას არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი