ახალი ამბები

ეუთომ თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ქართველი ხალხი – ოპოზიცია

2 ნოემბერი, 2020 • 1019
ეუთომ თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ქართველი ხალხი – ოპოზიცია

ოპოზიციისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტად მიიჩნევენ.

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ეუთოს მისიის ხელმძღვანელისგან, რომ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება, ლეგიტიმურობის თემა ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. მან ეს ძალიან მკაფიოდ თქვა”, – თქვა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იგივე შინაარსის კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამაც.

“ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ: რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი… ხოლო ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული, ვიდრე ოდესმე, და რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, არ ვცნობთ მას და ვითხოვთ ახალ არჩევნებს”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციამ დამკვირვებლებს წარუდგინა ფაქტები, რომლებიც არჩევნების დღეს ე.წ. კარუსელის შემთხვევების გამოვლენას ადასტურებს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 31 ოქტომბრის არჩევნები გუშინ, პირველ ნოემბერს შეაფასა.  მისიის ხელმძღვანელი ჯილიენ სტირკი ამბობს, რომ მართალია, არჩევნებზე მოქალაქეთა ზოგადი თავისუფლება დაცული იყო, თუმცა ხარვეზები არსებობდა.

როგორც სტირკი განმარტავს, ეს იყო შეზღუდული საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია, რის ფარგლებშიც, მისი წევრები საქართველოში თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ. მისია ამბობს, რომ ისინი აკვირდებოდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, საკანონმდებლო ჩარჩოსა და კანდიდატთა რეგისტრაციას, ასევე, ზოგადად, არჩევნებისთვის მზადებას ქვეყანაში.

ბოლო ორი დღის მანძილზე არაერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. მათ შორის არიან ენმ, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები” და სხვები. აღნიშნულთან დაკავშირების განცხადებას უახლოეს საათებში გაახმიანებენ “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

უბნებთან შევამჩინეთ კოორდინატორები, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა – ODIHR

მასალების გადაბეჭდვის წესი