ახალი ამბები

ურმას პაეტი არჩევნებზე: „გარკვეული ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი“

1 ნოემბერი, 2020 • 1161
ურმას პაეტი არჩევნებზე: „გარკვეული ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი“

ევროპარლამენტის წევრი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-14 წლებში, ურმას პაეტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ვულოცავ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზებას, მიუხედავად კორონავირუსის [პანდემიის] სიტუაციისა. თუმცა გარკვეული ხარვეზები მაინც უნდა იყოს აღმოფხვრილი“, — დაწერა მან „ტვიტერში“.

ცესკომ ამ დროისთვის გამოაქვეყნა დათვლილ ხმათა 99,9%. მათ თანახმად, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,15% მოიპოვა. „ოცნების“ კანდიდატები ასევე ლიდერობენ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში, 14 ოლქში კი პირველ ტურში იმარჯვებენ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, განიხილავენ მანდატებზე უარის თქმასაც. გიგი უგულავას თქმით, 8 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

„სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] პარალელური დათვლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მოიპოვა. ორგანიზაციაში ასევე მიუთითებენ მნიშვნელოვან დარღვევებზე — მათი ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება.

იხილეთ აგრეთვე:


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი