ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი: „უთანასწორო წვდომა ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე დემოკრატიას ძირს უთხრის“

1 ნოემბერი, 2020 • 835
ვიოლა ფონ კრამონი: „უთანასწორო წვდომა ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე დემოკრატიას ძირს უთხრის“

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, „არჩევნები კონკურენტული და ზოგადად თავისუფალი იყო“, თუმცა „სამწუხარო იყო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევების ნახვა“.

„ყურადღებით ვაკვირდები საქართველოს [საპარლამენტო] არჩევნებს. არჩევნები კონკურენტული და ზოგადად თავისუფალი იყო, თუმცა სამწუხაროა ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევების ნახვა. უთანასწორო წვდომა ადმინისტრაციულ, განსაკუთრებით კი ფინანსურ რესურსებზე დემოკრატიას ძირს უთხრის. მხარეები წყნარად და მშვიდობიანად უნდა იყვნენ. ევროკავშირი საქართველოს ხალხთანაა“, — წერს იგი „ტვიტერში“.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,12% მოიპოვა. „ოცნების“ კანდიდატები ასევე ლიდერობენ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, განიხილავენ მანდატებზე უარის თქმასაც. გიგი უგულავას თქმით, 8 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.

„სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] პარალელური დათვლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45,8% მოიპოვა. ორგანიზაციაში ასევე მიუთითებენ მნიშვნელოვან დარღვევებზე — მათი ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი