ახალი ამბები

დარღვევები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის – აშშ-ის საელჩო

1 ნოემბერი, 2020 • 1154
დარღვევები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის – აშშ-ის საელჩო

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.

საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას.

აშშ-ის საელჩოს შეფასებით, საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები – ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა – მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

“ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება. ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია”, – ნათქვამია განცხადებში.

აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.


 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მიუხედავად ამისა,  ამომრჩევლებზე ზეწოლამ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებაში. საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ეუთო/ოდირის მისია არჩევნებს შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლებით აკვირდებოდა. თავდაპირველად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავდა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოეგზავნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.

“საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ-პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმატი ლიმიტირებული მისიით ექსპერტებისა და გრძლევადიანი დამკვირვებლების მონაწილეობით”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი