ახალი ამბები

„აქ შტერი არავინ არის“ – ზარქუა აშშ-ის საელჩოს

4 ოქტომბერი, 2023 • 753
„აქ შტერი არავინ არის“ – ზარქუა აშშ-ის საელჩოს

„აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების საპასუხოდ.

კერძოდ, აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით სუს-ისა და მმართველი გუნდის განცხადებების მიერ გახმიანებული ბრალდებები მცდარია.

„კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს. კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, რომ ანალიზი და პრევენციისთვის განცხადება, რაც რამდენიმე კვირის წინ იყო გაკეთებული, დამტკიცდა. ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა.

რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან გამიზნულ, არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე იყო საუბარი. იქ იყო საუბარი, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, USAID-ის პროგრამასთან დაკავშირებით სუს-ისა და მმართველი გუნდის განცხადებების მიერ გახმიანებული ბრალდებები მცდარია. საელჩოს განცხადებით, მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც საქართველოც და აშშ-ც იზიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი