ახალი ამბები

არჩევნები გაყალბდა, არ ვცნობთ შედეგებს – ინაშვილი

1 ნოემბერი, 2020 • 1121
არჩევნები გაყალბდა, არ ვცნობთ შედეგებს – ინაშვილი

“მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია – არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა”, – ამ განცხადებას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

“აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს”, – აცხადებს ინაშვილი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პატრიოტთა ალიანსმა საპარლამენტო არჩევნებში 3.18% მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით გაუარესებული შედეგია. 2016 წელს “პატრიოტებმა” 5%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში 6-დეპუტატიანი ფრაქციით შევიდნენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შედეგებს არც სხვა ოპოზიციური პარტიები აღიარებენ, მათ შორის ენმ, ლელო, “მოქალაქეები” ნინო ბურჯანაძის პარტია და ა.შ. არჩევნების წინასწარ შედეგებს მიესალმება მმართველი პარტია “ქართული ოცნება” (48%).

მასალების გადაბეჭდვის წესი