ახალი ამბები

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ბოლნისის 55-ე უბნის გაბათილებას ითხოვს

31 ოქტომბერი, 2020 • 881
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ბოლნისის 55-ე უბნის გაბათილებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ბოლნისის #55 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამის მიზეზად ასახელებს დარღვევებსა და კომისიის წარმომადგენელთა უარს, დაერეგისტრირებინათ მათი საჩივარი:

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ოლქში დავწეროთ საჩივარო ამ უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით. ერთი ადამიანი რამდენჯერმე შევიდა უბანზე და შესაძლებელი გახდა მისთვის, ხმა მიეცა. ასევე, როცა ჩვენს წარმომადგენელს საჩივარი უნდა დაეწერა ამასთან დაკავშირებით, რომ ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებს პროცესს, [კომისიამ] საჩივარი არ მიიღო”, – უთხრა მედიას ორგანიზაციის წარმომადგენელმა თენგიზ თევზაძემ და დაამატა, რომ წარადგენენ შესაბამის ფოტომასალასაც.

საპასუხოდ, კომისიის მდივანმა, მაია ელიკაშვილმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საჩივარი იმდენად გაურკვევლად იყო დაწერილი, კომისიის წევრებმა ვერ ამოიკითხეს. ელიკაშვილი ასევე გამორიცხავს რომელიმე ამომრჩევლის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შესახებ ცნობას.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჩივარში ყველაფერი ნათლად იყო აღწერილი და ხარვეზები რომც ყოფილიყო, კომისია მაინც ვალდებული იყო, დაერეგისტრირებინა ის.

ადგილზე მოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინიც, რომელმაც მმართველი პარტია ე.წ. კარუსელის დატრიალებაშუმი დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი