ახალი ამბები

ვითხოვთ რეაგირებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვის ფაქტებზე- მედიაკოალიცია

31 ოქტომბერი, 2020 •
ვითხოვთ რეაგირებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვის ფაქტებზე- მედიაკოალიცია

“ვითხოვთ სათანადო რეაგირებას არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, – აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის.
“დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა ფეხი დაარტყა მას.

გარდა ფიზიკური დაზიანებისა, „პუბლიკის” ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და დაზიანდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მინდია გაბაძე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ამავე საარჩევნო უბანზე დაშავდა ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი, ანა ახალაია. ჟურნალისტის განმარტებით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა.
მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტის განცხადებით, მას პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნება აგრესია მედიის მისამართით.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

ასევე მივმართავთ მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომელიც 31 აგვისტოს, 17.00 საათზე გავრცელდა.

ჩვენს ჟურნალისტს იარაღი აჩვენეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში – On.ge

პუბლიკა: გლდანის 79-ე უბანზე ჩვენს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი